შალვა პაპუაშვილი: მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შედიოდა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, რომ სანქციების დაწესებაზე განვაცხადეთ უარი

“მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შედიოდა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, რომ სანქციების დაწესებაზე განვაცხადეთ უარი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

“ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, კაბინეტებში შეხვედრების შემდეგ მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას. ღიად ამაზე არ საუბრობდნენ, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს განადგურების ნაბიჯს ასე ადვილად ქართველ ხალხს ვერ მიჰყიდდნენ.

ყველამ კარგად იცის სანქციები რომ დაგვეწესებინა რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში. ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, რომელსაც ექნებოდა სამმაგი ეფექტი, ვიდრე ეს კოვიდ პანდემიის დროს იყო. 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, თუკი ჩვენ ამ თავქარიან მოთხოვნებს ავყვებოდით. ეს იყო მიზეზი საქართველოს შესახებ მიღებული ნეგატიური გადაწყვეტილებებისა.

ოპოზიცია ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყო კომფორტში იქნებოდა, ოღონდ მათთვის წითელი ხალიჩები დაეგოთ სხვადასხვა დედაქალაქში, ოღონდ ტაში დაეკრათ და მილოცვები მიეღოთ, მზად იყვნენ დაეწესებინათ სანქციები, შემოიღებდნენ სავიზო რეჟიმს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს და ცას. ამის შედეგად მივიღებდით ეკონომიკურ კოლაფსს, და დიდი ალბათობით მივიღებდით ომს ჩვენს ქვეყანაში.

ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში იმისთვის, რომ შეასრულონ უცხოელი ბიუროკრატების მითითებები. ამას პირდაპირ ამბობენ, რომ უცხოელმა რაღაც გვითხრა და საქართველომ არ გააკეთა ისე, როგორც ეს მოთხოვნილი იყო. მათი მოსვლის შემთხვევაში ზედმიწევნით აპირებენ ყველა მოთხოვნის შესრულებას”,  – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ