პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ისეთი აბსურდული სურათი დახატა, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა“, ამიტომ იძულებული გახდა უკან წაეღო თავისი გეგმა, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე დაესახელებინა.
ვოლსკის თქმით, არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა იმის მიზეზი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა.
“სალომე ზურაბიშვილის გეგმა, იდეა ის იყო, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. როდესაც მოახლოვდა არჩევნები, რასაკვირველია, ოპოზიციამ არ დაისვა თავზე სალომე ზურაბიშვილი და არ მისცა მას საშუალება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარმოედგინა. იდეა ერთი იყო, რომ ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თითქოს, არ მოდის სისხლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ტექნიკური ინტელექტუალური მთავრობა იქნება ის, ვინც საქართველოს განაგებს გარკვეული პერიოდის მანძილზე. ეს იმდენად აბსურდული და არაკონსტიტუციური იყო, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, ამ ლეღვის ფოთლის უკან ვერ დაიმალა ის რეალობა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ქადაგებდა. ადვილად გაიშიფრა და არა ოპოზიცია, არამედ საზოგადოება გახდა მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ეს გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
წყარო: გაზეთი “რეზონანსი”