ზურაბ აბაშიძე: 50 წელია დიპლომატიურ საქმიანობაში ვარ ჩართული და ასეთი ფაქტები არსად არ მინახავს, რომ დიპლომატი აძლევდეს თავს იმის უფლებას, რასაც დღეს ზოგიერთი დიპლომატისგან ვისმენთ საქართველოში

“50 წელია დიპლომატიურ საქმიანობაში ვარ ჩართული და ასეთი ფაქტები არსად არ მინახავს, რომ დიპლომატი აძლევდეს თავს იმის უფლებას, რასაც დღეს ზოგიერთი დიპლომატისგან ვისმენთ საქართველოში”, – განაცხადა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ.

“დიპლომატია უფრო თანამედროვე გახდა, თუმცა რაღაც ზღვარი მაინც არსებობს. დიპლომატიის საფირმო ნიშანი არის თავაზიანობა და გარკვეული ლოიალობა იმ ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ,სადაც შენ იმყოფები.

დიპლომატის ფუნქცია არის წარმოადგინოს თავისი ქვეყნის ინტერესები ადგილსამყოფელ ქვეყანაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს მოქალაქეები, ეკონომიკური ინტერესები, იყოს გარკვეული ხიდი ორ ქვეყანას შორის და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. დიპლომატის ფუნქცია რა არის, რომ დაჯდეს და გაარჩიოს მთავრობა ჯობია თუ ოპოზიცია.

ბალტიისპირელი სამი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩამოვიდა, მივიდნენ ოპოზიციის მიტინგზე. ვერც კი გააცნობიერეს, რომ ეს ქვეყნის და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. თითქოს ბავშვური გულუბრყვილობით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ჩამოვედით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ოპოზიციის მიტინგზე. გამოდის, რომ ხელისუფლება ხალხს მხარს არ უჭერს, ლეგიტიმური ხელისუფლება ხალხს არ წარმოადგენს და კიდევ მეორე ქვე ტექსტი ისაა, რომ ხალხი აქ არის და სხვა ხალხი ხალხი არ არის. გუშინ ასი ათასობით მოქალაქე რომ იდგა თბილისში ის ხალხი მისთვის ხალხი არ არის.

ჩვენ ძალიან შევიკავეთ თავი, რომ მკაცრი ნაბიჯები არ გადადგმულიყო, თუმცა მე პირადად არ გამიკვირდებოდა მსგავსი ნაბიჯები რომ გადაგვედგა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხალხში აღვივებს ანტიდასავლურ და ანტიევროპულ განწყობილებებს. 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა რომ დასრულდა ხალხში იყო ანტიდასავლური განწყობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ მოსახლეობა და საზოგადოება მოეტრიალებინა ევროპისკენ. ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ვიზალიბერალიზაცია მოხდა, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ ყველაფერს დრო დასჭირდა. სამწუხაროდ მე კვლავ ვხედავ ანტიდასავლურ განწყობებს.

შეიძლება დაგვაბრალონ რომ „ქართული ოცნების“ ბრალია ეს ანტიდასავლური განწყობები, მაგრამ მოლდოვაში რაც მოხდა ესეც მათი ბრალია? რეფერენდუმი მაქვს მხედველობაში. ამიტომ თვითკრიტიკული კითხვები უნდა დაუსვან ბრიუსელში საკუთარ თავს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან, გაღრმავდება, გაძლიერდება და ღირსებით და კეთილდღეობით შევალთ ევროპაში სწრაფად”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე იხილეთ