შალვა პაპუაშვილი: დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ არასამთავროებმა შეიტანეს სარჩელი „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში

“რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის, რამდენიმე დღის წინ მას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი – პუნქტებად ჩამოწერა, რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„თუმცა, არის კიდევ ერთი ტყუილი კიდევ, რომელსაც, როგორც ვატყობ, ჩვენ მოწმე ვართ. 17 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა ჩაატარა ბრიფინგი და თქვეს, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. თქვენც ალბათ გახსოვთ ეს ინფორმაცია. დღემდე, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ მათ ეს ბრიფინგი ჩაატარეს უბრალოდ წინასაარჩევნოდ, იმისთვის რომ შეექმნათ კიდევ ერთი თემა, რომ გასაჩივრებული არის ეს კანონი. თუმცა, დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არის, რომ მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ამიტომ, ესეც საინტერესო იქნება, შეტანილი აქვთ თუ არა საერთოდ ეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა, შეუძლიათ გაასაჩივრონ, თუმცა ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო გამოყენებული თავად თემა და ტყუილი, რომ თითქოს, ამ კანონს რაიმე საერთო აქვს რუსეთში მოქმედ კანონთან. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს – უთხრა ეს „ენჯეოებს“, უთხრა ეს ოპოზიციას, უთხრა ეს უცხოელ პოლიტიკოსებს, უთხრა ეს უცხოელ დიპლომატებს, რომ ყველანი ისინი ტყუოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და რომ ეს იყო მავნე დეზინფორმაციული კამპანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ