ლექსო კობაიძე: ნაციონალების მიზანია უნდობლობის დათესვა, სხვის პირადობას ვერავინ გამოიყენებს

“არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის” წარმომადგენელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე აბსურდულს უწოდებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ატეხილ აჟიოტაჟს. მისი შეფასებით, ოპოზიციის მიზანია, 26 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საზოგადოებაში წინასწარ დათესონ უნდობლობა.

“პირადობის მოწმობები ვინც არ უნდა ჩამოართვას მოქალაქეს, ეს ვერ აისახება ნეგატიურად არჩევნებზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, სხვის პირადობას ვერავინ გამოიყენებს არჩევნებში ხმის მისაცემად. გარდა ამისა, ადამიანს არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირება შეუძლია, როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის მეშვეობით. პირადობების ჩამორთმევის ფაქტი, როგორც ამაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საზოგადოებას არწმუნებენ, არ ყოფილა. თქვენს პირადობას ვერავინ გამოიყენებს. ერთი პირადობით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ხმის მიცემა, შესაბამისად ოპოზიციის ეს აჟიოტაჟი გათვლილია პროპაგანდაზე, რათა საზოგადოებაში დათესონ უნდობლობა კონკრეტული არჩევნების მიმართ. მოქალაქეს არ აქვს იმის შესაძლებლობა ამ თემას სიღრმეებში ჩაჰყვეს, ამიტომ, ჩვენი ვალია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განუცხადა ლექსო კობაიძემ “რეპორტიორს”.

მისივე თქმით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ასევე გამორიცხავს ე.წ კარუსელის თეორიულ შანსსაც კი. კარუსელის შესაძლებლობა არ ექნება არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას.

“ელექტრონული სისტემით არჩევნები ტარდება კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში. სანამ ეს სისტემას საპარლამენტო არჩევნებისთვის დაინერგებოდა, ის დაიტესტა გორში, შუალედური არჩევნების დროს და იდეალურად იმუშავა”, – აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

ასევე იხილეთ