ლექსო კობაიძე:ელექტრონული სისტემა ხმის სახლიდან მიცემას არ ნიშნავს, მიდით არჩევნებზე!

“არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის” წარმომადგენელი, ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, რომ მოქალაქეთა ნაწილს შეექმნა წარმოდგენა, თითქოს არჩევნების ელექტრონული სისტემა ხმის სახლიდან, ინტერნეტის მეშვეობით დაფიქსირებას ნიშნავს, რაც ასე არ არის.

“მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ არჩევნები ტარდება ონლაინ, რადგან ელექტრონული სისტემაა ნახსენები. მინდა საზოგადოებას
შევახსენო, თქვენ რომ სახლში ისხდეთ და ელოდოთ, ვიღაც დაგირეკავთ და გკითხავთ, – აბა, რომელ პარტიას აძლევთ ხმასო და ამით ეს ხმა აისახება არჩევნებზე, ეს ასე არ არის. ონლაინ არ ტარდება არჩევნები, ყველა უნდა მივიდეს თავის საარჩევნო უბანზე და იქ დააფიქსიროს თავისი ხმა. ეს არის სავალდებულო. ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ტარდება უფრო ეფექტიანად და მარტივად, ვიდრე ადრე იყო ხოლმე, ფაქტობრივად რეგისტრატორის ფუნქცია აქვს ამ მანქანას და სხვა არაფერი”, – განმარტავს კობაიძე.

რაც შეეხება ციხეებში საარჩევნო პროცესს, როგორც კობაიძემ „რეპორტიორს“ განუცხადა, “არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის” მონიტორინგის ჯგუფები ამ არჩევნებში აქტიურად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში .

“ცესკოს ვართ აკრედიტებულები. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ციხეებში შევიდეთ და მონიტორინგი განვახორციელოთ. უკვე განვახორციელეთ მონიტორინგი წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით, მზად არის თუ არა გარემო ციხეებში არჩევნებისთვის. ციხეს თავისი სპეციფიკა აქვს. შევისწავლეთ, რამდენად არის უზრუნველყოფილი იქ უსაფრთხოება, პატიმრებს შორის არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და სხვა. ასევე, პატიმრებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობით შესაძლებლობა”, – განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

ასევე იხილეთ