დავით ქართველიშვილი აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ ევროკავშირის ელჩისთვის გადაცემულ საპროტესტო ნოტაზე: სამინისტრომ მოითხოვა, ევროკავშირმა თავი შეიკავოს მიკერძოებული ნაბიჯებისგან, რომლებიც არღვევს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის ელჩისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ევროპარლამენტის მიერ 24 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია ისევე, როგორც ევროკომისრის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული უსაფუძვლო და მიკერძოებული განცხადებები.
„აზერბაიჯანულმა მხარემ ქვეყანაში ევროკავშირის ელჩს, პეტერ მიხალკოს საპროტესტო ნოტა გადასცა ევროპარლამენტის მიერ 24 ოქტომბერს მიღებულ უსაფუძვლო და მიკერძოებულ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად დაგმო ევროპარლამენტის მიერ 24 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია, ისევე, როგორც ევროკომისრის მიერ ევროპარლამენტში განხილვისას გაკეთებული უსაფუძვლო და მიკერძოებული განცხადებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით, გრძელდება აზერბაიჯანის შეურაცხყოფის კამპანია, კეთდება სხვადასხვა განცხადებები და ნაბიჯები, რომლებიც ლახავენ აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, აღვივებენ სომხეთის რევანშიზმს, რითაც ზიანს აყენებენ ქვეყნის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად „აზერბაიჯანი ევროკავშირთან ურთიერთობებს აშენებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის საფუძველზე და მოუწოდებს ევროკავშირს, მკაცრად დაიცვას ეს ფუნდამენტური პრინციპები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ ევროკავშირმა თავი შეიკავოს მიკერძოებული ნაბიჯებისგან, რომლებიც არღვევს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, ასევე ხელი აიღონ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან“, – წერს დავით ქართველიშვილი.