„საარჩევნო კამპანიამ მთლიანობაში ჩაიარა უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად მუშაობდა სოფლების, ქალაქების, უბნების დონეზე, იყო „ქართული ოცნება“.
„თქვენ გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები იგივე წინა შემთხვევაში 2021 წელს, მანამდე 2020 წელს, 2018 და ა.შ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იყო საკმაოდ დაძაბული გარემო უამრავი ინცინდენტით. ამ შემთხვევაში გარემო იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი, რაც ძალიან კარგია.
რაც შეეხება მთლიანობაში საარჩევნო კამპანიის შინაარსს, ერთი საინტერესო სპეციფიკა ჰქონდა ამ არჩევნებს, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად მუშაობდა სოფლების, ქალაქების, უბნების დონეზე, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ დავასახელეთ 30 დელეგატი, რომლებიც უშუალოდ წარმართავდნენ და წარმართავენ კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ისინი რამდენჯერმე ჩადიოდნენ თითოეულ სოფელში, რამდენჯერმე მიდიოდნენ თითოეულ შესაბამის ქალაქში, უბანში. ისინი უშუალო კომუნიკაციაში იყვნენ საზოგადოებასთან, ისმენდნენ მათგან საჭიროებებს, საუბრობდნენ პრობლემებზე, საკითხებზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ საპარლამენტო საქმიანობაზე აისახება.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ გადაწყვიტეს, არ ესაუბრათ საერთოდ უშუალოდ ხალხთან და ერთადერთი მათი კამპანია შემოიფარგლებოდა არსებითად სოციალურ მედიაში აქტიურობით, „ფეისბუქ“ აქტიურობით და მათ ტელევიზიებში აქტიურობით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შექმნის მნიშვნელოვან უპირატესობას. როდესაც ერთი პარტია ესაუბრება ხალხს უშუალოდ და სხვა პარტიები საერთოდ არ საუბრობენ ხალხთან, ეს საბოლოო ჯამში აისახება არჩევნების შედეგებზე. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი, რაც აისახება ამ არჩევნების შედეგებზე, არის ის საერთო სურათი, რომელიც მივიღეთ ამ 4 წლის განმავლობაში. იყო უმძიმესი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მთელი ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე იყო ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2021 წელს, მერე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თუმცა ჩვენ ყველა ზეწოლას გავუძელით, ყველა სირთულე დავძლიეთ, შევუნარჩუნეთ ამ ქვეყანას მშვიდობა და არა მხოლოდ მშვიდობა შევუნარჩუნეთ, არამედ ამ 4 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ეს აისახა მაგალითად იმაში, რომ 50 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა მარტო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, შემცირდა უმუშევრობა, სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს მოიტანა მშვიდობამ და რა თქმა უნდა, იმ ეფექტიანმა პოლიტიკამ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.