ქეთი დუმბაძე: ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რა ვეღარ დაივიწყეთო ის ცხრა წელი. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?

„ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რა ვეღარ დაივიწყეთო ის ცხრა წელი. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?”, – განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ქეთი დუმბაძემ.

„ვერასდროს დავივიწყებ სულხან მოლაშვილის ორ ბიჭს და პატარა ელენეს, რომელსაც მამა არ ჰყავდა ნანახი და ცრემლიანი თვალებით იხვეწებოდა, მამიკო მანახეთო. არ შეიძლება ამის დავიწყება და ვერც გამოვა. რამდენი ასეთი. ის იქ დააავადეს. ყოველ მისვლაზე ვხედავდი, რომ ნადგურდებოდა ადამიანი და ის გამოვიდა უმძიმესი ავადმყოფი იქიდან.

კიდევ რას ვერ ვიგებ, იცით? როდესაც ახალგაზრდები ამბობენ, რომ ჩვენ არ გვახსოვს, ჩვენ მაგ დროს პატარები ვიყავითო. შენ კი იყავი პატარა, მაგრამ ან მშობელი არ გეუბნებოდა? ან მეზობელი არ გყავს? არ ვიცი, მე განცდა მქონდა, რომ მაშინ მთელი საქართველო ციხეში იყო და ყველას რაღაც უბედურება სჭირდა.

ხალხო, ტელეფონის დაშლის პროცესი ხომ გახსოვთ? თითქოს არაფერი, ნუ, რა მოხდა ახლა, ტელეფონი. ვშლიდით ტელეფონს, ვიღებდით იქიდან აკუმულატორს, ბალიშს ვდებდით და ბალიშზე ზემოდან, რომ მეგობარს დალაპარაკებოდი. შენი ქვეყნის ბედი და შენი ახლობლის ბედი სამზარეულოებში წყდებოდა, ეს იყო წარმოუდგენელი რამ.

ზურაბ ჟვანიას ამბავი? ესენი რაზე ლაპარაკობენ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოკლეს და საკუთარი ძმაკაცი მოკლეს, ყველაფერს რომ თავი დაანებო და დღეს გამოდიან, ჰუმანიზმზე გველაპარაკებიან. წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.

ასევე იხილეთ