მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზუგდიდში, საკრებულოს ყოფილი წევრი თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით აქტირობს ანა წითლიძე.
„ანა წითლიძეს არ შეუძლია ცხოვრება პერიპეტიების გარეშე, იმდენჯერ მახსენა ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მგონი შევუყვარდი კიდევაც. დავიოკოთ ნერვები“, – აცხადებს თაზო ფაცაცია.
როგორც ფაცაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, რაც გადაღებულია და შესაბამისი კადრები არსებობს.
„არის მშვიდი საარჩევნო გარემო, მაგრამ იქ სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ხელქვეითები, ყოველთვის იქნება შფოთი. ჭიქაში ქარიშხლის ატეხა არ არის საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. რაც გადაღებულია და რისი კადრებიც არსებობს, არ შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ“, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე დღეს, ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ვითარების ესკალაციას შეეცადა. ის ადგილობრივ დამკვირვებელს დაუპირისპირდა. როგორც მან მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ უბნიდან 2 დამკვირვებელი გააძევეს.
როგორც ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამკვირვებელი არღვევდა წესს, რეგისტრატორს აძლევდა მითითებებს, თავზე დაადგა ზედამხედველივით და შესწორებებს აძლევდა.
წყარო: „რუსთავი-2“