“ეუთო/ოდირმა რანაირი დასკვნაც არ უნდა დადოს საქართველოს მოქალაქეებმა დღეს დილით რომ გაიღვიძეს და ციფრები ნახეს, მათ უკვე ჩათვალეს, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა ისინი მოატყუა, ეს აღქმები უკვე დალექილია და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარია თვლის, რომ აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა. ასევე, გახარიას თქმით, ეუთო/ოდირი ვერასდროს უკარნახებს თავად როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“ათი ეუთო/ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, სამწუხაროდ, ეს ლაქა და კიდევ ერთი მძიმე ტვირთი „ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს. მე ვთვლი, რომ როდესაც შენ შენს მოქალაქეებს ელაპარაკები და შენს მოქალაქეებთან კომუნიცირებ ეს აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეუთო/ოდირის დასკვნა, მერწმუნეთ, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. ეუთო/ოდირი სერიოზული ორგანიზაციაა, სერიოზული მანდატით, სერიოზული მისიით, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე როგორ მივიღებ, ეუთო/ოდირი მე ვერ მიკარნახებს ვერასდროს იმიტომ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა ჩემი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.