leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტორინოს მწვრთნელი საზონოვზე: ბევრს მუშაობს და კვარასაც კარგად იცნობს

სერია A-ს 28-ე ტურში ნაპოლი შინ ტორინოს დაუზავდა (1:1), ხვიჩა კვარაცხელიამ კი ისევ შესანიშნავად ითამაშა.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საბა საზონოვმაც, რომელიც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. საბას კონკრეტულად კვარას წინააღმდეგ დაპირისპირებაც მოუწია. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტორინოს მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ ქართველ მცველზე კომენტარი გააკეთა:

“საზონოვის მოედანზე შეყვანა არა მარტო ჯიჯის ტრავმის გამო, არამედ იმიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კვარაცხელიას კარგად იცნობს. შემდეგ კვარას პოზიცია შეუცვალეს და გეგმის შეცვლა ჩვენც მოგვიწია. საბა არის ბიჭი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს”, – აღნიშნა პარომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა, საბა საზონოვმა კი სერია A-ში მე-11 მატჩი ჩაატარა (ძირითადში მხოლოდ 2-ჯერ იყო).

ნაპოლი 44 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზამდე, 17 მარტს, სტუმრად ინტერს შეხვდება, თუმცა მანამდე ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ბარსელონას უმასპინძლებს (12 მარტს). ტორინოს 38 ქულით მე-10 ადგილი უკავია, 16 მარტს კი, სტუმრად უდინეზეს დაუპირისპირდება.

 

ასევე იხილეთ