მამუკა მდინარაძე: მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაცმოძრაობის” ზონდერები, მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი

“ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები.

“დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ. და რა ხდებოდა ისანში. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ ზონდერები. ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაცმოძრაობამ“, გვარამიამ, იმიტომ, რომ ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია და თავის პრესკონფერენციებზე რომ დადგებიან, გთხოვთ, ყველას, დაუსვათ შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მცხოვრებლები, ზონდერ ჯგუფები 30-40 კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არაერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ურტყამდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ უბნის ამომრჩეველს და მცხოვრებელს, რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ.

ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაგვცენ პასუხი რას აკეთებდნენ ახმეტის მცხოვრებლები, ახმეტელი მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისათვის, რომ დღეს უეთოს წარმომადგენლებს და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ