მაიამიში დიდი ჩხუბი შედგა! შონ ო’მალიმ მარლონ ვერას წინააღმდეგ იჩხუბა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა. ჩხუბი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ო’მალის უპირატესობით წარიმართა. ამერიკელმა ეკვადორელ მეტოქეს 186 დარტყმა გაუტარა და ქამარი დაიცვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, შონ ო’მალიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს.
”დანა, თვითმფრინავი მჭირდება ესპანეთამდე. ილია თოფურიასთან საჩხუბრად მოვდივარ, მე ილიასთან ჩხუბი მინდა. საინტერესო ჩხუბი იქნება. თუ თქვენ გინდათ, რომ ჯერ მერაბი დავანოკაუტო, ამას გავაკეთებ და დავანოკაუტებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ილიასთან ხალხისთვის ამაღელვებელ და საინტერესო ჩხუბს ჩავატარებ”, – განაცხადა ო’მალიმ.
შონს უკვე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ო’მალიმ ქამარი დაიცვა და ახლა უკვე მომდევნო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს, თუმცა მისი კომენტარიდან ჩანს, რომ მერაბთან შეხვედრამდე, მას ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურს.