leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამთა კოსტავა: ციმბირიდან მოიწერა, თუ ბიჭი გაჩნდება, გიორგი დაარქვით, თუ გოგონა – თამარიო

საქართველოს ეროვნული გმირის ქალიშვილი, თამთა კოსტავა იმ წლებს იხსენებს, როცა მამა პირველად ნახა. ამბობს, რომ მამა 10 წლის ასაკში გაიცნო. იცოდა, რომ დისიდენტი იყო და ციხეში იხდიდა სასჯელს.

როგორც თავად ჰყვება, მერაბ კოსტავა ძალიან თბილი ადამიანი იყო, კალთაში ჩაისვამდა და ეფერებოდა, ხშირად უმღეროდა, მათ შორის, იავნანას, ძილის წინ.

“დედა მეუბნებოდა, რომ მამაჩემი დისიდენტი იყო, რისი მნიშვნელობაც იმ ასაკში არ მესმოდა, მაგრამ ის ვიცოდი, მამაჩემი ციხეში საქართველოს სიყვარულისთვის იჯდა. ბავშვები ეზოში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ – მამაჩემი მოსკოვიდან რომ ჩამოვა, პულტიან მანქანას ჩამომიტანსო, მეც ვიცოდი, რომ მამა რუსეთში იყო, და დედას ვკითხე, მე რას ჩამომიტანს-მეთქი? იდეებს ჩამოგიტანსო. ჩავედი და მოვახსენე ბავშვებს”, – იხსენებს თამთა.

როგორც თავად ამბობს, მისმა მშობლებმა მერაბ კოსტავას სახლის ეზოში გაიცნეს ერთმანეთი.

” მამაჩემის სახლის ეზოში იყო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც დედაჩემი მუშაობდა და სწორედ იმ ეზოში გაიცნეს ერთმანეთი. მერაბმა უთხრა, მიყვარხარო, და დედაჩემმა შეიცხადა, არ იცნობდა და რას ჰქვია, გიყვარვარო?

მამაჩემმა ციმბირიდან მოიწერა, თუ ბიჭი გაჩნდება, გიორგი დაარქვით, თუ გოგონა – თამარიო. თამთა დედაჩემის ძმამ დამარქვა. თამარი იმდენად არ მომწონს, ვგრძნობ, რომ მე თამთა ვარ.

10 წლის ვიყავი, როცა ჩემი სკოლის მასწავლებელს, ნინო მგალობლიშვილს რომ ვუთხარი, მამა საქართველოში გადმოასახლეს, ციხეშია და მის სანახავად მივდივარ-მეთქი, მთელ კლასს წერილები დააწერინა მამაჩემთან და გადავეცი. მამას ვუთხარი, მე ლექსებს ვწერ-მეთქი, ერთი უნიჭო ლექსი წავუკითხე კიდეც და გაეცინა. თქვენობით მივმართავდი და მითხრა, მე მამაშენი ვარ და შენობით დამელაპარაკეო. უხერხულობა ვიგრძენი, თითქოს რაღაცნაირად უცნობი იყო.

ეროვნულ თემებზე მამა არ მელაპარაკებოდა. დედაჩემს ესაუბრებოდა, სტუმრებიც მოდიოდნენ ხოლმე, განიხილავდნენ ამბებს, მაგრამ მე არ მაინტერესებდა.

მამა ძალიან თბილი ადამიანი იყო, კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და მეფერებოდა, ხშირად მიმღეროდა კიდეც, მათ შორის, იავნანას, ძილის წინ. თავის მეგობრებთან დავყავდი, ზვიადსა და სხვებთან, ასევე, მამადავითზე, თუმცა მამაჩემთან ერთად ეკლესიაში არასდროს ვყოფილვარ. ისე, მე ორთოდოქსი ქრისტიანი, ტრინიტარიანელი არა ვარ, მონისტი ვარ – მუსლიმანი და იმავდროულად ქრისტიანი – ერთიც მომწონს და მეორეც და რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ორივე რელიგია გავითავისო. მაგალითად, ჩემთვის მისაღებია სუფისტური მიმდინარეობები. ყველა რელიგიის წმინდანები მიყვარს, განსაკუთრებით კი მამა გაბრიელი, მის ლუსკუმასთან ხშირად მივდივარ. პატრიარქიც ძალიან მიყვარს, მასაც შევხვდი, აქ რომ ჩამოვედი, დამლოცა და ნაკურთხი წყალი დამასხა. ტაძარშიც შევდივარ, აღდგომას და დღესასწაულებსაც აღვნიშნავ, თავს ქრისტიანად ვთვლი, მაგრამ ეკლესიური არა ვარ. ბავშვობაში მომნათლეს კიდეც, 6 ნათლია მყავდა – 3 დედის მხრიდან და 3 ჩემი ძმის, ირაკლის მეგობრები”, – ამბობს თამთა კოსტავა.

წყარო: “კვირის პალისტრა” – 2024 წლის 21 აპრილი

ასევე იხილეთ