მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ოპოზიციურ ტელეარხებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე ბიულეტენს ათავსებს.
„გიორგი ვაშაძე 2 დღეა ატრიალებენ რაღაც ვიდეოს, მათი მტკიცებით, ამ ვიდეოში ვერიფიკაციის აპარატში ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენი განთავსდა. 2 ვერსიაა, ან საქმე გვაქვს დანაშაულთან, როდესაც კონკრეტული ადამიანი აყალბებს არჩევნებს, ან მეორე შემთხვევაში გიორგი ვაშაძე იტყუება და საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც დღის ბოლოს, კომისიის წევრი აპარატში ათავსებს გადასატანი ყუთის რამდენიმე ბიულეტენს, კერძოდ, ჯერ აცხადებს, დამკვირვებლების თვალწინ, რომ გადასატანი ყუთის ბიულეტენები უნდა მოვათავსოთ აპარატშიო და შემდეგ ათავსებს ყველას თვალწინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიგინზე.
მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ვიდეო მიზანმიმართულად არის დაჭრილი და ხალხს ატყუებენ.
„ამასაც მივყვებით ბოლომდე, ან ბოდიში ექნებათ მოსახდელი, მაგრამ მაინც გამოჩნდება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთ უბინძურეს ტყუილს ჰკადრებენ, ანდა დანაშაულთან გვაქვს საქმე. მოვითხოვთ, ეს ვიდეო, რომელსაც ატრიალებენ ყველა ოპოზიციური მედიის ეთერებში, თქვან, რომელი უბნიდან არის, რომ შევძლოთ იდენტიფიცირება. პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და კეთილი ინებონ და მისცენ ჩვენება, რომ მათ აღმოაჩინეს სისხლის სამართლის დანაშაული ამა და ამ უბანზე, რომ ერთი ადამიანი რამდენიმე ბიულეტენს ათავსებს აპარატში“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.