leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: 300 000 კი არა, 300 ხმა ნახეთ გაყალბებული და ყველამ ვაგოთ პასუხი!

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ლიდერებსა და პრეზიდენტს მოუწოდებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და არჩევნების გაყალბების ფაქტებზე ინფორმაცია გამოძიებას წარმოუდგინონ.

როგორც მდინარაძე განმარტავს, მმართველი გუნდი მზად არის გაიხსნას სიები და ბოლო უბნამდე ყველაფერი გადამოწმდეს.

“არჩევნების გაყალბებაზე თუ რამე იცის ოპოზიციამ, კეთილი ინებონ და ფაქტები წარმოადგინონ, მივიდნენ და მისცენ ჩვენებები პროკურატურას. შავ დღეში არიან, – უბრალოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდითო, – ხომ ვერ იტყვიან? პროკურატურაში რომ მივა ადამიანი ჩვენება უნდა მისცეს, ხომ? უნდა თქვას, რომ მე ვიცი გაყალბების ესა და ეს ფაქტი. რადგან ინფორმაცია არ გააჩნიათ, უნდა თქვან, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. სიების გახსნას ითხოვენ. კი ბატონო, გავხსნათ სიები, ჩავიდეთ ბოლო უბნამდე. რაც გნებავთ, კომისია გავაკეთოთ და ერთად ჩავიდეთ ყველა უბნამდე, ყველა დეტალში შევძვრეთ, ჩავყვეთ ბოლო ამომრჩევლამდე და მერე ვინ აღმოჩნდება მტყუანი და მართალი აგონ პასუხი თავიანთი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ვინც ამ გამოძიებაში მტყუანი აღმოჩნდება, საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკოსი.

„ყველამ ვაგოთ პასუხი ქართული საზოგადოების წინაშე, ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი. 300 ათასი კი არა, 300 ხმა ნახეთ გაყალბებული და ყველამ ვაგოთ პასუხი შესაბამისად!“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო. ხვალ გამოკითხვაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია დაბარებული.

ასევე იხილეთ