მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე მათი ამომრჩეველი სიაში არ აღმოჩნდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი შემთხვევები თუ სადმე აღმოაჩინეს, აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია მათ საარჩევნო შტაბს.
“რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოკვეთილია, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში. როგორც გაირკვა რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულნი არიან დამკვირვებლებად, რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე. ვთქვათ მე მივედი თბილისში საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული. ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად? ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ხვალ-ზეგ კონკრეტული ფაქტები გექნებათ, ვისი ხმები, როგორ მოიპარეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.