leaderboard_below_slide

კახა კალაძე: პრეზიდენტი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. კეთილი ინებოს, მიბრძანდეს საგამოძიებო უწყებაში და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები

„ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროკურატურისთვის არჩევნების  შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმართვის შესახებ ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით არის პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში დაბარებული, რადგან ის ბოლო დღეებში გაყალბების ფაქტებზე საუბრობდა.

„ბოლო დღეებში ვისმენთ ცრუ კამპანიას, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა. თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გვეუბნებიან, რომ უამრავი ფაქტი არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებითო, თუმცა, მხოლოდ ორი ფაქტი წარმოადგინეს – ერთი, რომ დამკვირვებლებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და მეორე მილიონერ ბეჭდებიან ქალბატონზე.

ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე „რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა დააკავონ. კითხვის ნიშნებს არ აჩენს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ გამოძიება სწორედ ზურაბიშვილით დაინტერესდა“, კახა კალაძე პასუხობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება კი არ მოქმედებს რუსეთის სასიკეთოდ, არამედ წინა ხელისუფლება იყო ამით დაკავებული.

„რუსეთის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის არის საინტერესო და ისინი არიან ამ ყველაფერში ჩართული. ყველაფერი რუსეთის სასიკეთოდ სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა – პირდაპირ ჩააბარა ტერიტორიები. ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, ეს ადამიანი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბა. თუკი მას აქვს მტკიცებულებები, თუ მართლა ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენტი იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ვალდებულია, ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არჩევნებს ეხება. შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს არჩევნები ამერიკაში, რამხელა ზეწოლაა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ასევე იხილეთ