leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: 12 წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები – გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს მოხმარებას

„2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, დღეს დადგმული სიმძლავრის მოცულობა 4600 მეგავატამდეა გაზრდილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ხობი 2 ჰესის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი და 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარების მაჩვენებელს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ  გვაქვს ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდით ლარით უნდა გაიზარდოს. ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ასევე წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, 4600 მეგავატამდეა გაზრდილი დადგმული სიმძლავრის მოცულობა გასული 12 წლის განმავლობაში. ანუ, 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული რესურსები. ჩვენ გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10 000-ს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას. ამისათვის შექმნილია ყველანაირი საფუძველი და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ. თითოეული მათგანის წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად, ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას. ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ