„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ აქვს ვარაუდები.
„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ საუბარია არა დადასტურებულ გაყალბებებზე, არამედ ვარაუდებზე. ჩემი ვარაუდით ნამდვილად ჰქონდა ადგილი ჩარევებს და ეს იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად, ხელისუფლებასთან დაქვემდებარებულმა პროკურატურამ გამოიძიოს, რაღაც არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის მაინც ქნან, რომ რაღაც დამოუკიდებელმა უწყებამ შეისწავლოს საკითხი. ჩვენ შორს არ მივდივართ, ძალიან მარტივი საკითხია. 2 მლნ-მდე ადამიანი მივიდა ხომ არჩევნებზე? ყველამ ხომ ვნახეთ არჩევნების დღეს, რომ ხმის ფარულობა, რომელიც არის არჩევნების სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი, იყო დარღვეული“, – აცხადებს მანჯგალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონვერტი რა ფუნქციას ასრულებდა მაშინ ასეთ დროს?
ამაზე მანჯგალაძე ამბობს, რომ ქაღალდი იყო ძალიან თხელი და დაირღვა ფარულობის პრინციპი.
„თუ ფარულობა არ არის უზრუნველყოფილი არჩევნები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. განგებ იყო შერჩეული თხელი ფურცელი. რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, არ მესმის, სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა დაიბარონ დაკითხვაზე, უნდა დაიბარონ ცესკოს წარმომადგენელი, თუ ვინ შეუკვეთა ასეთი თხელი ფურცლები?“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
წყარო: „რუსთავი -2“