გიორგი ვოლსკი: არ ვიცი, რა დონეზე და სად გადაწყდა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ იმ წუთსვე, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა გარკვეულ გარემოებაში ახსენა „ქურქუმალ ვაითი“, ყველა მიხვდა, რომ იგი მოძრაობას ვერანაირად წინ ვერ წაუძღვება
“არ ვიცი, რა დონეზე და სად გადაწყდა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ იმ წუთსვე, როდესაც „ნაცმოძრაობის“ არჩეულმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გარკვეულ გარემოებაში ახსენა „ქურქუმალ ვაითი“, ყველა მიხვდა, რომ იმ ინტელექტუალურ ნაწილს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით „ნაცმოძრაობა“ მოსწონს, ლევან ხაბეიშვილი ვერანაირად ვერ წაუძღვება წინ, “- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
ვოლსკიმ პარტიების გაერთიანების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავითარი განსხვავება „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არ არსებობს. მან ასევე ისაუბრა გიორგი გახარიას როლზე ოპოზიციაში.
„რაც არ უნდა ეცადონ, ფაქტია, რომ იყვნენ მოკავშირეები, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და თუ ისინი ხელს ისვრიდნენ გარკვეული სისხლით, ადამიანის ღირსებისა თუ ქონების წართმევით, ესენიც ამაში მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ.
გადავხედოთ გახარიას, რა ქნა. შარლ მიშელის შეთანხმება შედგა. ოპოზიციას მმართველობაში 5 კომიტეტი უნდა გადასცემოდა. ასევე, სხვადასხვა შეთანხმება, სახელისუფლებო საკვანძო ადგილებზე ადამიანების არჩევას, ერთმანეთთან შეთანხმებას ითვალისწინებდა, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში. თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო. ხელი არ მოაწერა „ნაცმოძრაობამ“ იმიტომ, რომ რევოლუციური გეგმა არ დათმეს. ამ რევოლუციურ გეგმაში ჩართული იყო სააკაშვილი, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და ჩამოვიდა კიდეც; მელია, რომელმაც სამაჯური მოიხსნა და პარტიის ოფისის გარშემო დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებისთვის მზადება და ამ პერიოდში გამოჩნდა გახარია, რომელიც გადადგა იმისთვის, რომ ეს ოპერაცია არ ჩაეტარებინა და 2-3 დღე მოეცადათ, როგორც თავად თქვა, მიეცათ რაღაც გარკვეული დრო. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ერთ გარკვეულ გეგმასაა დაქვემდებარებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე ისაუბრა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში მოსვლის სავარაუდო მიზეზებზე.
„არ ვიცი, რა დონეზე და სად გადაწყდა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ იმ წუთსვე, როდესაც „ნაცმოძრაობის“ არჩეულმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გარკვეულ გარემოებაში ახსენა „ქურქუმალ ვაითი“, ყველა მიხვდა, რომ იმ ინტელექტუალურ ნაწილს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით „ნაცმოძრაობა“ მოსწონს, ლევან ხაბეიშვილი ვერანაირად ვერ წაუძღვება წინ. დაიწყო ინტენსიური ძებნა ადამიანის, რომელიც თავისი ჰაბიტუსით ან სიტყვათა წყობით და თუნდაც, რაღაც გარკვეული შარმით, ჩაანაცვლებს ამ ხეპრეობას. თუმცა, იგი იყო შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც ჩვეულებრივ აწამებდა და კლავდა ხალხს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.