leaderboard_below_slide

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და “ენჯეოებზე”: ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიოს, დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან და არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენენ

“ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. კინო აღარ არის, ეს უკვე სერიალია, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ვხედავთ. ყოველ ჯერზე განცხადებები და ნული მტკიცებულება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კეთდებოდა.

„გაიხსენეთ 2018 წელი, პირადობის ყალბი მოწმობების სკანდალი. ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიოს. დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან და არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენენ. ეს მეორდება ყოველ ჯერზე. სხვათა შორის, ქალბატონი სალომე ახლა რომ საუბრობს გაყალბებაზე, გაიხსენოს 2018 წელი. ახლა გვერდში ვინც უდგას იქ, შემთხვევით ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე სახელები, ზუსტად იგივე ბრალდებებს ხომ არ უყენებდნენ? ქალბატონი ეკა გიგაური, „საია“, სხვები – ზუსტად ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევნების წინ გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაბეჭდილია ყალბი პირადობის მოწმობები. თვითონაც ხომ ძალიან კარგად იცის იმ პირადის გამოცდილებიდან, დაიბეჭდა თუ არ დაიბეჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არაფერი აქვთ.

ჩვენ ხომ ამაზე ვსაუბრობდით, რომ სინამდვილეში არავინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამას ვხედავდით, იმიტომ რომ კამპანიაც არ ჰქონდათ. ტელევიზორებიდან ვერ გამოძვრნენ, სტუდიებიდან ვერ გამოვიდნენ. მთელი მათი საარჩევნო კამპანია იყო სტუდიური ჩაწერები და უცხოური განცხადებები, სხვა არაფერი. ახდა ყველა სცენარი – არა მხოლოდ ჩვენი, მაკკეინის ინსტიტუტის სცენარიც. საერთო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობა მანამ, სანამ მათ გემოვნების ჯგუფი არ იქნება საქართველოში სათავეში, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ფილოსოფია არ დაბრუნდება სათავეში, როგორც ჩანს არ სურთ, რომ მოისვენონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ