შალვა პაპუაშვილი: ISFED მალავს პარალელური დათვლის შედეგებს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მისი დონორის პასუხისმგებლობა
“ISFED მალავს პარალელური დათვლის შედეგებს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მისი დონორის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, ამ დღეებში გამოჩნდა მიზეზი, ის გამოც ISFED მალავს პარალელური დათვლის შედეგებს.
„თქვენ ნახავთ სოცქსელში დროდადრო სკანდალები მოდის ოქმებთან დაკავშირებით, ხან რაღაც ქვითარი არ ემთხვევა რაღაცასო, ხან რომელიღაც ოქმში შესწორება არისო. აი, ზუსტად ამის დამზღვევი არის პარალელური დათვლა. ისინი თუ გამოაქვეყნებენ თავის პარალელურ დათვლას, რომელიც აჩვენებდა, რომ წესრიგში იყო შესაბამისად ოქმები და მისი დაჯამება, ეს სპეკულაციები დასრულდებოდა. ზუსტად იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები იყოს, ISFED მალავს პარალელური დათვლის შედეგებს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მისი დონორის პასუხისმგებლობა, მათ შორის NDI-ს პასუხისმგებლობა, რომლის მეთოდოლოგითაც ტარდება პარალელური დათვლა. NDI-ის მისიის ხელმძღვანელმა არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგის დროს თქვა, რომ „დაველოდოთ, გამოქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები“. 12:00 საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო, შემდეგ გადაიწია 1, 2, 3 საათით, არ გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სუბიექტმა მოიკითხა, რომ რა ხდებოდა ამ მხრივ, ბოლოს განცხადება გვაღირსეს ქართველ ხალხს. ამიტომ ეს არის როგორც ISFED-ის, ისე მისი დონორების პასუხისმგებლობა.
განმეორდა 2020 წელი. 2020-ში ისინი ყალბი რიცხვებით შეეცადნენ, რომ ხალხი აეღელვებინათ. ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვეღარ გააკეთებდნენ იმიტომ, რომ პარალელურ დათვლებს სხვებიც ატარებდნენ, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმაც ჩაატარეს და ჩვენც ჩავატარეთ. ასე ადვილად სიყალბე აღარ გამოდიოდა, მოიფიქრეს სხვა მეთოდი, როგორც ჩანს, რომ საერთოდ არ აქვეყნებენ და ამით აძლევენ საკვებს სოცმედიაში სიცრუის გავრცელებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა ორგანიზაცია თავისი შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.