“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება
“გუშინ გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთო შეფასებით საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით ოცდათხუთმეტი თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა თორმეტ თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი ცამეტ თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და ენჯეოს სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში ოცდათხუთმეტი თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერ ჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც.
ის, რომ გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები, არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს, საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით. გარდა ფუნდამენტური მიმართულებისა, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის ჯგუფების საერთო შეფასებაშიც, რაც არის ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი არსი. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ბევრისთვის მიმზიდველი. ამრიგად, საერთო შეფასების გათვალისწინებით, საქართველო კვლავ სოლიდურად უსწრებს მოლდოვას, ხოლო უკრაინას მხოლოდ სამ ჯგუფში – საგარეო ურთიერთობები, მწვანე დღის წესრიგი და რესურსები – ჩამორჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი უპირატესობით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცოგოვინას, რომელთანაც ასევე დაწყებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები. სწორედ ეს 35 თავია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, ანუ, საქართველოს ევროპული გზა. ეს არის დინამიური, საქმიანი, ექსპერტული პროცესი, რომელშიც საქართველო 2014 წლიდან, ერთგულად, გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ.
ამავე დროს, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ ამ პროცესის უკიდურესად პოლიტიზების მცდელობას. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი წინდაუხედავი მიდგომა ევროინტეგრაციას თანამშრომლობის ინსტრუმენტიდან პოლიტიკურ იარაღად აქცევს, რაც სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, თავად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.
აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს „ევროინტეგრაციის შეჩერება“, „გაყინვა“ თუ სხვა მსგავსი ტერმინები. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.
საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის, მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითეოული სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც ჩვენ მზად ვართ, ამავე მიზნით, აქტიურად ვითანაშმრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან.
ეს რაც შეეხებოდა კომისიის ანგარიშს. გარდა ამისა, დღევანდელ ბრიფინგზე მინდა, ასევე, მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით კვლავ დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებთან. პირველი საკითხი, რომელიც მათ შორის ევროკავშირთან კავშირშია არის ის, რომ ჩვენ გვესმოდა, ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის დასკვნას, სამწუხაროდ ზოგიერთი განცხადება, რომელიც ზოგიერთი, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს განცდას, რომ ხომ არ არის სურვილი მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდირის დასკვნისა და დაყრდნობა სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა მაგალითად ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე.
ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მათ შორის ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნისა.
რას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რამდენიმე საკითხი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. პირველი საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ ის, რომ ის თავის პოზიციას, პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ დამკვირვებლის ანგარიშში, საერთოდ არც ერთში არ აისახა ქალბატონი სალომეს გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რატომ?! – იმიტომ რომ, ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან და აწარმოებდნენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა, არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს დარღვევებში. თუმცა, ეუთო/ ოდირი ამიტომაც ჩვენ კვლავ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ დარჩეს ყველა ეუთო/ოდირის ჩარჩოში, ეუთო/ ოდირის ანგარიშში ასახული არის ეს დარღვევა.
ახლა სხვა საკითხები, რა დარღვევები არის რაზეც შეიძლება ეუთო/ოდირში იყოს საუბარი, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, ჩვენს წარმომადგენლებს არჩევნების შემდეგაც, მას შემდეგაც რაც შედეგი გამოქვეყნდა, იმისთვის, რომ გავრკვეულიყავით რა არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ხშირად გვხვდება, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების განცხადებაში, როცა საუბარი არის მაგალითად მოსყიდვაზე, ზეწოლაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე და ვკითხეთ ეუთო/ოდირს მათ შორის, რომ რა არის ამ სფეროში რა არის თქვენი მიგნებები.
პირველი – შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირს არც ერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებული, შეგახსენებთ, რომ თუ არ ვცდები 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა, 350 თუ არ ვცდები, დამკვირვებელი ჰყავდა ეუთო/ოდირს, იყვნენ ყველგან და გრძელვადიანი მისია იყო ეს არ იყო მხოლოდ არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პროცესი შეფასებული აქვთ, არ აქვთ დაფიქსირებული არჩევნების დღეს რაც შეეხება, არც ერთი მოსყიდვის ფაქტი თავად დაფიქსირებული არ აქვთ, მათ შორის, სხვათა შორის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ ბრალდებაზე, რომელსაც შემდეგ აიტაცებენ ხოლმე ამას სხვა აქტორები გარეთ, სინამდვილეში რომ ჩავეძიებით, თუნდაც ადგილობრივ ორგანიზაციებს არც ერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი ამ მხრივ და მოგახსენეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ რაც გუშინწინ სკანდალურად გამოვიდნენ ენჯეო ჯგუფები და ავტვირთეთ მთელი მტკიცებულებები ვნახეთ და არც ერთი დამაჯერებელი რაიმე ფაქტი იქ მოყვანილი არ არის ან აღწერილი.
მეორე, შესაძლო ზეწოლის ფაქტები:
ვკითხეთ ეუთო/ოდირს რას ხედავენ ისინი, რა შეიძლება იყოს ზეწოლის ხასიათის მატარებელი. პირველი და ამაზე მათ ისაუბრეს ბრიფინგის დროს, ეს იყო უბანზე არსებული კამერები. ყველას შევახსენებ, რომ მინიმუმ ბოლო 12 წელია ყველა არჩევნებზე არის ეს კამერები განთავსებული, რომელიც არის კანონით დაშვებული, რომ ნებისმიერ სუბიექტს და სხვათა შორის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ განთავსებული. წინა ერთ-ერთი არჩევნები იყო, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყალბი ენჯეოს მეშვეობით ჰქონდა ასევე ყველგან კამერები განთავსებული. რა არის მიზანი და რატომ არის განთავსებული, მათ შორის რატომ არის ჩვენ ინტერესში, „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ კამერები იყოს განთავსებული, იმიტომ, რომ ზუსტად აი ეს სპეკულაციები, რომელიც შემდეგ არის უბანში, ჩაყრა თუ ასე შემდეგ, იყოს აღბეჭდილი. ვისაც სურვილი აქვს შემდეგ შეგვიძლია მივაწოდოთ და ნახავენ რა არის აღბეჭდილი და რა არ არის აღბეჭდილი. ამიტომ ეს კანონით დაშვებული საკითხი არის, რომელიც მათ შორის შევახსენებ ყველას, რომ 2021 წელს ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კამერები ვათხოვეთ კიდევაც ცესკოს ოპოზიციის მოთხოვნით. მაშინ განიხილებოდა 2021 წლის არჩევნებში დათვლის დროს, ვინაიდან ჯერ არ იყო შემოსული ელექტრომთვლელები, კამერების წინ ითვლიდნენ ბიულეტენებს და ყოველ ბიულეტენს აჩვენებდნენ, რომ რა ნომერია შემოხაზული და ასე დაფიქსირდა ვიდეო ფიქსირება იყო ყველა ბიულეტენის. მაშინ დადგა საკითხი, რომ ამას ტექნიკური აღჭურვა ჭირდებოდა, რასაც ფინანსები ჭირდებოდა და ვინაიდან ჩვენ გვქონდა უკვე ეს კამერები, რომელსაც ყოველ არჩევნებზე ვათავსებთ იმისთვის, რომ იყოს ყველაფრის მტკიცებულებები, მაშინ ოპოზიციის თხოვნით ვათხოვეთ ცესკოს და იყო განთავსებული უბნებზე და ამ მთვლელებშიც იყო. ამიტომ ეს არავისთვის სიახლე არ არის, ყველა არჩევნები ასე ჩატარდა, ყველა არჩევნებზე კამერები იყო, მათ შორის კანონით არის დადგენილი როგორ უნდა იდგეს ეს კამერა და ზუსტად ასე არის განთავსებული.
მეორე, ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის ის, როდესაც ჩვენ კარდაკარის მეშვეობით ვაფიქსირებთ ვინ არიან ჩვენი მომხრეები და შემდეგ არჩევნების დღეს მათ მოტივირებას ვცდილობთ იმისთვის, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ამაზე ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, ყოველ არჩევნებზე შეიცხადებენ ხოლმე ე.წ. კოორდინატორებს, რომლებიც დიახ ჩვენი ამომრჩევლების მობილიზებას აკეთებენ არჩევნების დღეს, ყოველი არჩევნები ასე იწყება ყოველ დღე, დილის 10 საათისთვის ატეხენ ხოლმე პანიკას თითქოს რაღაცა ხდება, არადა ერთის მხრივ ეს არის ზუსტად პარტიული მუშაობის მთავარი ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებულია და ყველგან ტარდება. ამერიკაში იქნება ახლა არჩევნები და დააკვირდით იქ როგორ ამობილიზებენ ამომრჩეველს. და სხვათა შორის, ჩვენ არჩევნებზე, ქართულ არჩევნებზე, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, იქ ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ჯგუფები, რომლებიც ამობილიზებდნენ ამომრჩევლებს, სტიკერებს გასცემდნენ შემდეგ იმის დასტურად, რომ იყო მონაწილე, აღირცხვას აკეთებდნენ ზუსტად ამომრჩევლების, ამერიკაში ქართველები ქართულ არჩევნებზე. ასე რომ, ესეც დაშვებული და კანონით გათვალისწინებული აქტივობა არის, რაც ასევე არ ეწინააღმდეგება კანონს. ეუთო/ოდირს ამ მხრივ როცა ვესაუბრებით, კი მაგრამ მაშინ რას ხედავთ პრობლემას, შეიძლება ამან გარკვეული ატმოსფერო შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორც კამერები, ისე მობილიზება ამომრჩევლის ყველა წინა არჩევნებში ყოველთვის იყო და მომავალშიც ასე იქნება, ვინაიდან ეს გახლავთ პარტიული მუშაობის მთავარი პრინციპი. აი რაც არ არის დაშვებული არის ის, რაც გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როდესაც არჩევნების დღეს ავტობუსებით მიჰყავდათ ამომრჩევლები არჩევნებზე. შეგახსენებთ არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, თქვა, რომ მათ გამოყოფილი ჰყავთ ხუთი ავტობუსი იმისთვის, რომ ამომრჩევლები გადაიყვანონ რეგიონში ხმის მისაცემად. აი ვისი საქმეც ეს არ არის, ეს არ არის ევროკავშირის ფულის საქმე, რომ აქ ავტობუსებით ატაროს ამომრჩევლები უბნიდან უბანზე და ამას აკეთებდა „სირცხვილია“. ამიტომ, თუკი ვინმეს პასუხი აქვს გასაცემი ეს არის ენჯეო სექტორი, რა ფულები დაიხარჯა ამომრჩევლის მობილიზებაში, ეს არ არის კიდევ ერთხელ მათი ამოცანა და ეს არის ჩარევა და მათ შორის, იმ დონორებს აქვთ პასუხი გასაცემი, ვისი ფულიც იხარჯებოდა ამ ავტობუსებში, რომლითაც ამომრჩევლები დაყავდათ რეგიონში. და მესამე საკითხი, ადმინისტრაციული რესურსი დაგვისახელა ეუთო/ოდირმა. მერების ჩართულობა -ეს ძველი თემაა, რომელზეც არაერთხელ გვაქვს ნასაუბრები ოდირთან, რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით ამ მხრივ, ამ შეფასებაში, მათ შორის, ამ არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში, როცა შეხვედრა მქონდა მე პირადად ეუთო/ოდირის წინასწარ მისიასთან, მათაც ვუთხარი კიდევ ერთხელ, რომ მუდმივად ეს საკითხი დგება, მერები უნდა იყვნენ ჩართული თუ არა საარჩევნო კამპანიაში. ზოგიერთის შეხედულებით ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რაც არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას და არც საერთაშორისო პრაქტიკას. მერები არიან პოლიტიკური არჩეული თანამდებობის პირები და ეს არის არა ადმინისტრაციული, ეს არის პოლიტიკური რესურსი, როგორც მინისტრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც პრემიერ-მინისტრი. თუ პრემიერ-მინისტრის გარეშე უნდა იყოს კამპანია, პარლამენტის წევრების, პარლამენტის თავმჯდომარის, მერების, აბა ვინ უნდა ატაროს კამპანია. მაშინ გადაგვიცია ბურთი და მოედანი ენჯეოებისთვის, როგორც იყვნენ ახლა დაკავებული და ენჯეოების ჯახი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია ბოლო ბოლო?ამიტომ ეს არის. ჩვენი პოლიტიკური ლიდერები არიან პოლიტიკურ თანამდებობებზე და ჩვენი პოლიტიკური ლიდერები არიან ზუსტად მერები, რომლებიც ადგილობრივი წარმომადგენლები არიან და რა თქმა უნდა, ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში და ეს ასეც იქნება. ასე რომ ის შენიშვნები, ეუთო/ოდირს რაც გააჩნია, ამაზე ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია და ეს არის განმარტება ეუთო/ოდირის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნურავინ ეცდება, მათ შორის, ნურც უცხოელი აქტორები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის ნაცვლად ისაუბრონ რაღაცები. ის, რაც უნდოდა ეუთო/ოდირს ეთქვა მკაფიოდ თქვა როგორც წერილობით ანგარიშში, ისე ზეპირად პრესკონფერენციის დროს. მკაფიოდ ითქვა, რომ არჩევნები შედგა, მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც გააგრძელებს ქართველ ხალხზე ზრუნვას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ევროკავშირის წარმომადგენლებსაც და სხვებს, ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ერთგული ეუთო/ოდირის ანგარიშის და იმ მიდგომის, რომელზეც ჰქონდათ საუბარი, რომ ეს იქნებოდა მათი სახელმძღვანელო პრინციპი.
სხვა დეზინფორმაციებს რაც შეეხება, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს დებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს და მოუწია უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო.
ქალბატონი სალომე, უცხოურ პრესასთან იცით, რომ დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ ხდება მათი გამოყენება თითქოს რაღაც გაყალბებისთვის. ჩვეულებრივად, ეს დღეები, დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, ერთის მხრივ, ამ ინტერვიუების სახით, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა და ხან რას ამბობს და ხან – რას. მისი განცხადებაა და გუშინ ნახეთ, რომ არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა მან ქართული თუ ზოგადად, სისხლის სამართლის სისტემის. ამბობს, რომ მე დავაბრალე და მათი ამოცანაა რომ გამოიძიონ – მე ვთქვი, რომ ვიღაცა არის სპილო, ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახში არის სპილო, რატომ უნდა მოვიტანო რაიმე მტკიცებულება – ეს თქვა გუშინ ქალბატონმა სალომემ, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი, წლებია, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა.
მან თქვა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი, როგორიც არის ერთი პირადობის მოწმობით, ხმის მიცემა, დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი. ეს არის პირდაპირი ბრალდება, რომ ერთი მოწმობით 17-ჯერ შესაძლებელია, ხომ არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს – 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით. ამიტომ გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19. ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ – თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა აროს გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული.
ამიტომ ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.
მეორე, „ოცნებამ“ სავარაუდოდ, აქ დაამატა სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება. ხომ არ შეიძლება ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, როდესაც სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს. ამიტომ წარმოადგინოს მტკიცებულება. რა თქმა უნდა მერე იფიქრა წარმოედგინა მტკიცებულებები, დაუკავშირდა იმ ენჯეოებს, რომლებიც მას არ ამხელენ, რომ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და მიაწოდეს იგივე ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც მათ ატვირთეს და რომელშიც ბევრი ვერაფერი ვნახე და წარმოადგინა მან, გუშინ ვნახეთ, ვიდეო პერფორმანსი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ძნელი იყო გარჩევა რაზე იყო იქ საუბარი, თუმცა ერთ-ერთი მაგალითი არის წარმოდგენილი, თითქოს ხდება რეგისტრატორის მიერ არაუფლებამოსილი პირის გატარება სიაში. სინამდვილეში ვიდეოშიც ჩანს პირდაპირ რაც ხდება, ადამიანი მისული არის პასპორტით და არა პირადობის მოწმობით და როგორც იცით პირადობის მოწმობის გატარება ხდებოდა ამ აპარატში, ხოლო პასპორტის წაკითხვის ფუნქცია ამ აპარატს არ აქვს და საზღვარგარეთის პასპორტის შემთხვევაში პირადი ნომრის შეყვანა ხდებოდა იმ აპარატში. არაფერი დარღვევა ამაში არ არის. ანუ ადამიანმა ჩაატარა პრესკონფერენცია, დასწამა ცილი ცესკოს, 50 ათას კომისიის წევრს და ა.შ., თქვა, რომ ეს უნდა გამოძიებული იყოსო, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და უარი თქვა მტკიცებულებების მიცემაზე, გამოვიდა პრესკონფერენციაზე, რომ ვითომ რაღაც მტკიცებულებები წარმოადგინა და იქაც კიდევ ერთხელ ცილი დასწამა ყველას. ასე რომ ასეთ გაუგონარ საკითხებთან გვაქვს საქმე და ეს არის საერთო ჯამში იმ სასოწარკვეთილების მაგალითი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ.
და მთავარი საკითხი, რომელსაც არჩევნებიდან მეხუთე დღეს, რომ ვერც მოსყიდვის რამე ნახეს და ვერც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მეხუთე დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე მელანს გაუჟონია და ახლა ეს არის მათი ხელმოსაჭიდი ხავსი. მეხუთე დღეს რომ ამას მოიფიქრებ და მათ შორის, ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი და ამაზე ცალკე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს იქ ჩანს, ვინ მისცა ხმა. 2 060 000 – მა ადამიანმა მივეცით ხმა, გავიგე, რომ რაღაც ტყუილი შეიძლება თქვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ყველა არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა, რა იყო და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული, ჩვენ თვითონ არ ვიცით ბოლო-ბოლო? ხომ არ შეიძლება მართლა ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში? აქ იყო მონიშვნა ზედა მხარეს რაც იყო სატესტო არეალი წრის მონიშვნისა და ის ჩანდა, სხვათა შორის იქვე აუხსნა ქალბატონმა სალომემ, არ ჰქონია პრეტენზიები და არც არავის, პირდაპირ ეთერში იყო ეს ყველაფერი. მეხუთე დღეს, ენჯეოებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და თქვეს: მორჩა, მთლიანად უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ მელანმა გაჟონა – აი, ეს არის მათი მთავარი საკითხი. ერთი – ამ საკითხზე არაფერი აქვს ნათქვამი ეუთო/ოდირს თავის დასკვნაში, თავის 350 დამკვირვებლებით, ამ სისტემასაც ძალიან კარგად იცნობენ, სისტემა ზეპირად იცის ცესკომ. იმიტომ იყო, ცესკო-ს წევრი, ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე. ზუსტად იცის, რა სისტემით ჩატარდა, ხომ? ისინი ხომ იქ იყვნენ ცესკო-ში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართული – ქაღალდიც მაგათ შეარჩიეს, ფლომასტერიც მაგათ შეარჩიეს, კონვერტიც მაგათ შეარჩიეს, ოპოზიციამ. ახლა, მოგვდგნენ ქართველ ხალხს და გვეუბნებიან, არა, თქვენი არჩევნები არ ითვლება, ერთი 100 მილიონი კიდევ უნდა დავხარჯოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ ვიღაც ენჯეომ, რომელიც თავად არის საარჩევნო მიზნის მქონე და ხედავენ, მათი წარმოდგენის ხალხმა ვერ გაიმარჯვა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეკიდონ. რაც მთავარია, ზუსტად ამ ქაღალდებით, ამ კონვერტებით, ამ ფლომასტერებით ჩატარდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები კრწანისში, 2022 წლის საკრებულოს არჩევნები ბათუმში, 2022 წლის საკრებულოს არჩევნები სენაკში, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები ფოთში, 2023 წლის მერების და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა ადგილას, 2023 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნები გორში. ყველა ამ არჩევნებზე, ოპოზიციაც იქ იყო, ენჯეოებიც იქ იყვნენ, ხალხიც იქ იყო. რატომ აქამდე არავის პრეტენზია არ გასჩენია არასდროს? – ზუსტად ის ქაღალდი, ის ფლომასტერი, ის კონვერტი. თუ არ ვცდები, ამ არჩევნებზე, კიდევ უფრო სქელი ქაღალდი შევუკვეთეთო, ცესკო როგორც ამბობს. ამიტომ არის, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც აკეთებენ ეს ენჯეოები და აქ უკვე დგება პასუხისმგებლობა მათი დონორებისა.
როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ასე ვთქვათ, ინსინუაციები გარკვეული ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იკვებება მათ შორის, საგარეო განცხადებებით, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩევლებზე იმისთვის, რომ წაართვან მათ არჩევანის უფლება. ვიღაცას არ მოეწონა ის არჩევანი ქართველი ხალხის რაც არის, და აქ ორი არჩევანია, ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი ახლა აქედან და დანიშნონ აქ ვინც მათ უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს და ამ დილემაში არის ახლა ბევრი, როგორც ჩვენ ვაკვირდებით. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს უნდა მიყვნენ. და ბოლო პერიოდში ვხედავთ უკვე კომიკურ დონემდე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპ ტვინებთან ერთად, ტოპ აიტი სპეციალისტებთან ერთად ტოპ ანალიზს აკეთებენ. ეს ხომ სირცხვილია უბრალოდ და ამ ხალხის იმედად არიან მათ შორის, ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მათ სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ასეთივე დაბრალება იყო სააკაშვილის საკითხზე. გვახსოვს უცხოელი მინისტრებიც, პრეზიდენტების განცხადებები ხომ? ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება. აი როგორც დღეს ვხედავთ ხან სამი მინისტრი ერთად, ხან ცამეტი მინისტრი ერთად, ხან პრეზიდენტი და ხან ვინ და ხან ვინ რომ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს და ქართველ ხალხს, რომ თითქოს აქ რაღაც წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, ზუსტად იგივე ევროპელები, ზუსტად იგივე დიპლომატები და ჩინოსნები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს, გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს და ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება რომ ტყუილია. მაგრამ პრობლემა იცით რაში არის, პრობლემა იმაშია, რომ არც ბოდიშს არ მოიხდიან ეს ყველაფერი რომ დადასტურდება და ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, რა იცით კიდევ როგორ დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან, რა როგორ მოხდება კაციშვილმა არ იცის, მერე ხელებს დაიბანენ, შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობა არის. აი ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მათი ქმედებით არის, ასე რომ, თუ კი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას „ ტოპ ტვინების „ იმედად არის ამ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყანაში ეს მათი დიდი შეცდომაა და ეს მათ არა ერთხელ დაუშვიათ, ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს, თუ დიპლომატებს არა ერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინააღმდეგ და გავიგე ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერ გაექცევიან იმ 1 120 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ასე რომ ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია”,– განაცხადა პაპუაშვილმა.