შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
“ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის დასკვნას, სამწუხაროდ ზოგიერთი განცხადება, რომელიც ზოგიერთი, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს განცდას, რომ ხომ არ არის სურვილი მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდირის დასკვნისა და დაყრდნობა სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა მაგალითად ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე”,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
„ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მათ შორის ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნისა. რას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რამდენიმე საკითხი, რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. პირველი საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ ის, რომ ის თავის პოზიციას, პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ დამკვირვებლის ანგარიშში, საერთოდ არც ერთში არ აისახა ქალბატონი სალომეს გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რატომ?! – იმიტომ რომ, ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან და აწარმოებდნენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა, არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს დარღვევებში. თუმცა, ეუთო/ ოდირი ამიტომაც ჩვენ კვლავ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ დარჩეს ყველა ეუთო/ოდირის ჩარჩოში, ეუთო/ ოდირის ანგარიშში ასახული არის ეს დარღვევა,“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.