leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ ცინცაძე: 2024 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად

სექტემბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებელი კი 9,8%- ით განისაზღვრა. შედეგად, მესამე კვარტლის საშუალო ზრდამ 11.1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ზოგადად ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტის, ვაჭრობის და კავშირგაბმულობის სექტორებმა.

სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,405 ერთეულს გაუტოლდა, რაც 4.6%-ით აღემატება წინა წლის სექტემბერის მონაცემს. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, 2024 წლის სექტემბრის თვის პოზიტიური  ტენდენციები ნათლად მიანიშნებს, რომ მიუხედავად  საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოს ეკონომიკა  მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

„ზოგადად, თუ შევხედავთ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს, სექტემბრის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი  იყო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები. მოგეხსენებათ, რომ სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 615 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს ასევე გამოქვეყნდა ტურიზმის მესამე კვარტლის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალებმა რეკორდულ 1.560 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზოგადად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური  ფუნდამენტები ძლიერია, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მზარდია სავალუტო შემოდინებები“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია – საშუალო ინფლაცია წლის განმავლობაში დაახლოებით 1%-ს შეადგენს. მისი შეფასებით, ეს თავისთავად მეტყველებს ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებასა და ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდაზე. ამასთან, ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, არსებული მონაცემები იმის თქმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.

„აღნიშნული შედეგია, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ფარგლებში გამოქვეყნებული შეფასება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ ფართო რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე საშუალოვადიან პერიოდში – 2025-2029 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერობას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ზოგადად ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის 5.2%-ის ოდენობით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნებულ იქნას და ფაქტობრივად გადაითარგმნოს როგორც მოსახლეობის, ისე, ზოგადად, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში და შედეგად, საქართველო  ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს დაუახლოვდეს.

 

ასევე იხილეთ