ამირან სალუქვაძე: წინა წლებში გაცილებით მეტი ფინანსური დახმარება მიეწოდებოდა უკრაინას. წელს თანხა შემცირებულია, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში კატასტროფულად გაზრდილია ფასები საბრძოლო მასალაზე
სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინისთვის საერთაშორისო დახმარებაზე და მისი მიწოდების სირთულეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვითარება საბრძოლო უზრუნველყოფის მხრივ უარესდება.
„ამას ემატება ამერიკის კონგრესში „გაჭედილი“ 60-მილიარდიანი დახმარება, რომელიც არასაკმარისია. წინა წლებში გაცილებით მეტი დახმარება მიეწოდებოდა უკრაინას ფინანსურად. წელს თანხა შემცირებულია, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ფასებია კატასტროფულად გაზრდილი. 5-ჯერ, 6-ჯერ არის გაზრდილი ფასები ჭურვებზე ომის დაწყებიდან. ბაზრის კანონია – მოთხოვნა იზრდება, იზრდება ფასები. ამასთან ერთად გაზრდილია წარმოების ხარჯები. 2 წლის წინ ერთი 155-მილიმეტრიანი ჭურვი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა, ღირდა 700-დან 1000 ევრომდე. დღეს ფასი მერყეობის 5 000 ევროდან 8 ათას ევრომდე. ახლა წარმოიდგინეთ, ეს 60 მილიარდი და თანხები, რომლებსაც ევროპა გამოყოფს, ამ ფასების პირობებში რამდენად შემცირებულია მატერიალური კუთხით“, – განმარტავს სალუქვაძე.