დათო მაღრაძე: ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ ავცდით კარს მომდგარ ქარტეხილებს, რომელიც ძალიან ახლოს იყო, ძალიან ახლოს ჩაგვიარა და დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით იყო სააზროვნო სივრცეც შესავსები
“ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ ავცდით კარს მომდგარ ქარტეხილებს, რომელიც ძალიან ახლოს იყო, ძალიან ახლოს ჩაგვიარა და დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით იყო სააზროვნო სივრცეც შესავსები და ურთიერთობები გადასარჩენი,” – ამის შესახებ პოეტმა, დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგად, ქვეყანა არ შევიდა ისეთ ფაზაში, სადაც ადამიანებს ღირებულებები ავიწყდებათ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებზე ადამიანები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„როდესაც სინათლე არ არის, გაზი არ არის, ტყვია გავარდნილია, ბავშვს შია და ასე შემდეგ, ვეღარ იცლი არჩევნებზე საფიქრელად. ასე, რომ ამჯერად წელს გააზრებული არჩევნები იქნება. ახლა ადამიანებს ფიქრის, არჩევანის საშუალება მიეცათ, სიტუაციის გააზრების საშუალება მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან როგორღაც შემოთავაზებული ქარტეხილები არ შემოვუშვით ჩვენს საზღვრებში“, – განაცხადა მაღრაძემ.
მან ასევე ისაუბრა, თუ რაზე გააკეთებს არჩევანს საზოგადოება.
„თუ ვინ დაიცავს ჩვენს სამშობლოს განსაცდელისგან. ვფიქრობ, ხალხი ამაზე დაფიქრებულია და ძალიან საფუძვლიანი იმედი აქვს ხელისუფლებას იმისა, რასაც აცხადებენ კიდეც“, – აღნიშნა მაღრაძემ.