leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: პაატა ნაცვლიშვილის საჩუქარი ჟურნალისტთა ფედერაციას!

🔸
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოღვაწემ, ჟურნალისტმა და ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრმა პაატა ნაცვლიშვილმა ძვირფასი საჩუქარი მიართვა.

შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, სადაც ფედერაციის გამგეობის წევრები და მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ.

ღონისძიება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი მამაცაშვილმა გახსნა.

🎤 გიორგი მამაცაშვილი: რამდენი ხანია ვმსჯელობთ, ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაზეთისთვის თითქმის აღარავის სცხელა და მეტ-ნაკლებად, სოციალურ ქსელებსა და ტელემედიაზეა გადართული საზოგადოება. განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან” ერთად რამდენიმე პროექტის განხორციელებაც ვცადეთ, დღესაც ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, მაგრამ ფაქტია – ჟურნალისტთა ფედერაცია საკუთარი გამოცემის აუცილებლობის წინაშე დადგა. ამ ოცდახუთი წლის წინ გამოდიოდა გაზეთი „ახალი ქართული გაზეთი“. ბატონმა პაატა ნაცვლიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ გადმოგვცეს ეს გაზეთი მთლიანი კონცეფციით – სათაურით, დიზაინით, არქივით, რომელიც მასვე ეკუთვნის. გამოთქვა სურვილი, რომ ეს გაზეთი ეჩუქებინა ჟურნალისტა ფედერაციისათვის. ამისთვის მადლობა ბატონ პაატას. დღეს არის იდეის დაბადების დღე. „ახალი ქართული გაზეთი“ დღეიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პერიოდული გამოცემის სახელწოდება.

 

🔸
შეხვედრაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ფედერაციისთვის აუცილებელია საკუთარი ბეჭდვითი გამოცემის არსებობა და პაატა ნაცვლიშვილის საჩუქარი მართლაც დასაფასებელია…

 

🎤 პაატა ნაცვლიშვილი: სულ რაღაც თვენახევრის წინ ვიყავი ევროპაში და იქ ისევ ისეა დახუნძლული გაზეთების ჯიხურები, როგორც ახალგაზრდობაში გვახსოვს. ისევ ისე ყიდულობს ხალხი გაზეთებს იმ ევროპაში, ისევ ისე უყვართ და ისევ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობენ გაზეთები, როგორც აქამდე სარგებლობდნენ. ეს იმ ევროპაში, რომლისკენაც ასე მივისწრაფვით. გაზეთს თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს, მან დაკარგა მკითხველი და არა იმის გამო, რომ გაზეთმა დაკარგა ფუნქცია, არამედ იმის გამო, რომ გაზეთი არ ვარგა. იმის მიუხედავად, რომ ჩემი უნივერსიტეტი ყოველ წელს სულ ცოტა 20 ჟურნალისტს უშვებს, სხვა უნივერსიტეტები კიდევ უფრო მეტს უშვებენ, ესენი ჟურნალისტები არ არიან… მოდის სტუდენტი და ისე ამთავრებს სწავლას, რომ გაზეთი ხელში არ აუღია. რანაირად უნდა გახდეს ის ჟურნალისტი? თუ ავაღებინებ გაზეთს ხელში და ვეტყვი, წაიკითხე-მეთქი, ვერ მიყვება, რა წაიკითხა. არ აქვს თვალით აღქმის კულტურა, ყურით აღქმის კულტურა აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იდეა, რომელიც სხვადასხვა საუბრებში წარმოიშვა, გიორგის, რომელიც გაზეთის, მედიის ერთ-ერთი პატრიოტია, აქვს ასეთი სურვილი, რომ ეს ყველაფერი კარგად გააკეთოს. „ახალი ქართული გაზეთი“ ჩემი სათაურია. კონცეფციაც ჩემია. სამი ძირითადი გაზეთი იყო: „მთავარი“, „სპორტი“ და „დაიჯესტი“.სამწუხაროდ მხოლოდ 134 ნომერი გამოვიდა. თვითონ რედაქციის შემადგენლობა იყო სხვადასხვა მხრივ შეკრებილი. ეს ყველაფერი არჩილ გოგელიასთან ერთად უნდა გაკეთებულიყო. როდესაც ნაკრებ გუნდზე ვლაპარაკობთ, წარმოუდგენელია საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები გუნდი არჩილ გოგელიას გარეშე, სწორედ ასე გვინდოდა თავიდან, როდესაც შედგა ეს პროექტი. იმედი მაქვს, რომ ახლა ჟურნალისტთა ფედერაცია სულ ცოტა 134 ნომერს კიდევ გამოუშვებს. მინდა ვთხოვო ჟურნალისტთა ფედერაციას, ჩვენი გუნდის არსებული წევრები, შეიწყნაროს და მათთან დაამყაროს ურთიერთობა. შეიძლება ამით ახალგაზრდობა დაბრუნდეს მათთვის. შეიძლება გამოგადგეთ ეს ხალხი. უამრავი განუხორციელებელი იდეა დაგვრჩა. გაზეთმა უცებ შეწყვიტა გამოსვლა.

 

 

🎤 თეიმურაზ ქორიძე: ზუსტად ასეთი გაზეთის გამოშვება დღევანდელ პირობებში ურთულესი იქნება.
თუ გამოვა ყოველკვირული გაზეთი, ურიგო არ იქნება.
საქმე ის არის, რომ ბეჭდური სიტყვა გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს ადამინის ცნობიერებაზე, ვიდრე ეს ზეპირსიტყვიერება. გაზეთის გამოშვება არის აუცილებელი.
მე და ჩემისთანებს თუ რამე შეგვიძლია, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.

 

🎤 თემურ ჟღენტი: საბედნიეროდ, ევროპაში არ დაკარგულა ინტერესი გაზეთის მიმართ.
გაზეთი არის თეატრი, ტელევიზია არის კინო.
თუკი გამოვცემთ, უნდა იყოს მართლაც სოლიდური, აკადემიური.
ახალი სეგმენტი უნდა შევქმნათ.

 

🎤 ლაშა ნადარეიშვილი: ძალიან დიდი მოვლენაა ჟურნალისტთა ფედერაციის ცხოვრებაში ამ გაზეთის უშურველად, გულით ჩუქება.
მე მახსოვს ის პერიოდი, 25 წელი გავიდა.
ეს 25 წელი დაღმა სვლის წლებია პრესაში, მაგრამ საქართველოში აღიქმება ეს ასე, თორემ, დამაიმედებელი სიტყვები თქვა პაატამ – ევროპაში ვნახეო, როგორ ეწაფება ხალხი ისევ პრესას.
ამის არაერთგზის თვითმხილველი მეც გახლავართ.
ვსულდგმულობ და ვცხოვრობ იმ იმედით, რომ საქართველოში პრესის დრო ისევ დადგება.
აი, მაგალითად, ტელევიზიებში, გინდა ნახო 20 წლის წინათ რა ხდებოდა. არიან ტელევიზიები, რომლებსაც არქივი არა აქვთ…
გაზეთი არ ძველდება.
საჩუქრისთვის დიდი მადლობა მთავარ რეჟისორს.

 

🎤 გიორგი მამაცაშვილი: დღეს არის ყველაზე მთავარი, – იდეის დაბადების დღე.
იდეა დაიბადა და ჟურნალისტთა ფედერაციას დღეიდან უკვე გააჩნია იდეა პერიოდული გამოცემისა და ეს იქნება „ახალი ქართული გაზეთი“.
დანარჩენი უკვე არის დროის და მონდომების ამბავი.
გაზეთის გამოცემას და პრეზენტაციას, იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში შევძლებთ და უფრო ფართო მასშტაბითაც აღვნიშნავთ.

 

🎤 სპარტაკ ქობულია: ამის თავი და ბოლო, ძალიან კარგი და მოსაწონი იდეის მიუხედავად, არის სერიზული თანხები, ამაშია საქმე.
რა ჯობია ამას, რამდენი ასეთი იდეა დავიწყეთ, მაგრამ უფინანსობის გამო, ყველამ ჩაილულის წყალი დალია.
ჩვენი საყვარელი გიორგი კი გვარწმუნებს, თავადაც იმედით არის და ჩვენც გვაიმედებს…
მაგრამ, თუ სახელმწიფომ თავის თავზე არ აიღო ჟურნალ-გაზეთების ასე თუ ისე აღორძინების საქმე, არაფერი არ გამოვა.

 

🎤 ჯემალ სეფიაშვილი: მე ვფიქრობ, რომ თუ რამეს გავაკეთებთ, ამაზე უკეთესი უნდა გავაკეთოთ.
ყველანი ვართ თანახმა, რომ ეს გაზეთი გამოვიდეს.
მადლობა პაატას, რომ გაზეთი გადმოგვცა.

 

 

🎤 ნანა დევდარიანი: იმ დღეს ნუ მომასწროს ღმერთმა, რომ თუნდაც განუხორციელებელი იდეა ან არ დამებადოს, ან სხვისი არ მოვისმინო. უამრავი მიღწევა ვიცით, რომელთა განხორციელებაზეც ადამიანებს უარი რომ ეთქვათ, დღეს არც ინტერნეტი გვექნებოდა, არც აიფონები იარსებებდა, არც კოსმოსში იქნებოდა ადამიანი გასული.
მე არ მგონია, რომ ასეთი ხანგრძლივი დრო დასჭირდეს ამ ამბავს.
ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, როცა იკრიბებიან ადამიანები, ვისაც ეს საქმე უყვარს, აქვთ გამოცდილება, საკმარისი ცოდნაც და პერსპექტივის დანახვის უნარიც.
ეს არის არაჩვეულებრივი გაზეთი.
ვფიქრობ, რომ ეს კონცეფცია თუნდაც იმიტომაც არის ჟურნალისტთა ფედერაციისთვის მისაღები, რომ არის ჯანსაღი და არის ის კონცეფცია, რომელმაც დროს გაუძლო და კიდევ უფრო მეტად გაუძლებს, თუ გაზეთი გამოვა და აღდგება. ფინანსებსაც იშოვის ადამიანი, მეგობრებსაც დაიხმარს, ვიღაცას დააინტერესებს, მთავარია ვიმოძრაოთ.
როგორ ამბობდა ჩვენი დიდი წინაპარი? – „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა…“

 

 

🎤 ბონდო მძინარაშვილი: აქ ყველა ბრძანდებით დამსახურებული ჟურნალისტი, არავის ეწყინოს, მგონია, რომ პრესის ჟურნალისტობაა ჟურნალისტობა.
სხვათაშორის, თავის დროზე, როდესაც „ვზგლიადი“ გავიდა პირდაპირ ეთერში, საბჭოთა კავშირის ტელევიზიის ისტორიაში, იქ ყველა გაზეთის ჟურნალისტი იყო.
ყველა წამყვანს, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ, ჰქონდათ გაზეთში მუშაობის გამოცდილება.
ეს კონცეფცია, რაც ბატონმა პაატამ ათწლეულების წინ შემოგვთავაზა, მომწონს.
იქ რომ წერია მთავარი რედაქტორის ამხანაგი, მთავარი რეჟისორის ამხანაგი, მაშინაც მაინტერესებდა, რატომ გაჩნდა ეს იდეა, რომ ეს სიტყვები ყოფილიყო მოადგილეების ნაცვლად.
ეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო ქართულ მედიაში…
ბატონ პაატას დიდ მადლობას ვუხდი საჩუქრისთვის, ჟურნალისტთა ფედერაციამ, ყველამ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ საჩუქრისთვის.
ეს არის ტვირთი, რომლის აწევაც მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალებიც უნდა გავთვალოთ, ვამბობ ყველა მოსაზრების გათვალისწინებით, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად და ჩვენზე ახალგაზრდებმაც, ის ადამიანებიც შემოვიამხანაგოთ, ვისაც ბატონი პაატა გულისხმობდა და მათთან ერთად ავწიოთ ეს ტვირთი.
თუ არ დავძრავთ, ვერ გავიგებთ.
თავიდანვე თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ამ ტვირთის ამწევები არ ვართ, მაშინ აღარც უნდა შევეჭიდოთ ამ საქმეს.
მე მთელი ცხოვრება ოპტიმისტი ვარ და აქამდე არსად წავქცეულვარ.
თუმცა, ბევრმა „მიჯიკა“ სხვადასხვა მხრიდან. მთავარია, მოვინდომოთ, რომ რაღაც გავაკეთოთ…
დღეს ჩვენ არც იურიდიულად ვაფორმებთ ამას, არც ოფიციალურად, გარდა იმისა, რომ ვიღებთ ამ საჩუქარს, ვიღებთ დიდი პატივისცემით ბატონი პაატას მიმართ.
აქვე მივულოცავ დაბადების დღეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა…
ბატონო პაატა, დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის, და მინდა, თითეული თქვენგანის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა.
მინდა, ამ შენობაში მივულოცო ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს თბილისის საპატიო მოქალაქეობა.
ჩემი აზრით, ეს არის ქართული ჟურნალისტიკის დაფასება და ჩვენს მიმართ გამოხატული პატივისცემა დედაქალაქის ხელმძღვანელობისა და კომისიის მხრიდან.

🔸
შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა და დასრულებისას ჟურნალისტთა ფედერაციის წევრებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს…

 

 

ასევე იხილეთ