პოლიტოლოგი იგორ კვესელავა საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალი ურთიერთობების პერსპექტივას განიხილავს.
მისი აზრით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი თუ გაიმარჯვებს, ის ქართული ოპოზიციის მფარველად მოგვევლინება
„თუ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ურთიერთობაში შუალედის მოძებდა. თუმცა თუ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება ის ოპოზიციის მფარველად მოგვევლინოს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამას აცხადებს. ამერიკის კურსი კი სავარაუდოდ უფრო გამკაცრდება და უფრო სხვა ფორმებს მიიღებს. რასაკვირვლია, საქართველომ თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს და მთლიანად ვინმეზე დამოკიდებული ვერ იქნება. შეიძლება ტრამპის მოსვლამ ყველაფერი არ გადაწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული პოლიტიკური ხაზი საქართველოსთან დამოკიდებულებაშიც ექნება, რომელიც არ დაუკარგავს.
ფაქტობრივად, ამერიკის არჩევნებმა უნდა განსაზღვროს საქართველოში არსებული მდგომარება და შეფასება უნდა მისცეს, თუ რასთან გვაქვს საქმე – საქართველოს მიმართ პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს თუ საერთოდ შეწყდეს ურთიერთობა, რაც არცერთი მხარისთვის მარტივი არაა.
გამორიცხული არც ისაა, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ისევ ისე დარჩეს, რადგან ტრამპი ამერიკის საერთო პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავა. ამიტომ შესაძლებელია ეს ვითარება ისევ ისე გაგრძელდეს, ან კიდევ უფრო მკაცრად. ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ტრამპის მოსვლით ყველფერი შეიცვლება. როგორც ხედავთ, ახლა ამერიკა მაინცდამაინც არ აქტიურობს. ეს იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდებიან“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
წყარო: გაზეთი „რეზონანსი“