leaderboard_below_slide

შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ დრონების მონაწილეობით პირველი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედროებმა მოიერიშე დრონების მონაწილეობით პირველი ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ Yonhap სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს მოხდა ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ.

წვრთნებში ჩართული იყო სამხრეთ კორეის თანამედროვე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4B Global Hawk და ამერიკული მოიერიშე დრონი MQ-9 Reaper.

როგორც აღინიშნა, წვრთნები მტრის პროვოკაციის წყაროზე დარტყმის სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა.

სამხრეთ კორეის დრონი აგროვებდა მონაცემებს იმიტირებული სამიზნეების შესახებ და უზიარებდა ამერიკულ დრონს. ინფორმაციის მიღების შემდეგ Reaper-მა GBU-38 საჰაერო ბომბი სამიზნეზე ზუსტი დარტყმისთვის გაუშვა.

წვრთნები სამხრეთ კორეაში ჩატარდა, თუმცა ზუსტი ადგილი არ გამჟღავნებულა.

სამხედრო წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები ამ ერთობლივი წვრთნების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, რათა ფხენიანი გაეფრთხილებინათ.

ცნობისთვის, ადგილობრივი დროით 31 ოქტომბრის დილას ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გაშვება მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება დაგმეს.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა 18 სექტემბერს გაუშვა.

ასევე იხილეთ