არჩილ გორდულაძე: ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის ფონზე არჩევნების გაყალბება შეუძლებელია და როდესაც ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ასე მოელოდნენ, აღმოჩნდა რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ამ ელექტრონულ აპარატებში
“ნებისმიერი ჩვენება, გამოკითხვის დროს იქნება თუ დაკითხვის დროს, ყველაფერი იწერება და თითოეული ადამიანი თავის სიტყვაზე პასუხისმგებელი ხდება. ამისი ეშინიათ, იციან, რომ საგამოძიებო ორგანოებთან ტყუილები არ გაუვათ, მაგრამ ქართველ ხალხს ათასგვარ ტყუილსა და დეზინფორმაციას ჰკადრებენ”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, არჩევნებამდე კონკრეტული პოლიტიკოსები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, დღეს კი საპირისპიროს ამტკიცებენ, რადგან არსებული შედეგები არ აწყობთ.
„რატომ ხდება, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის ფონზე არჩევნების გაყალბება, ქართველ ხალხს მოუწოდებდნენ რომ თამამად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და როდესაც ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ასე მოელოდნენ, როდესაც ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა როგორც აგენტურას, აღმოჩნდა რომ თურმე ეშმაკი იყო ჩაბუდებული ამ ელექტრონულ აპარატებში, თან ეს ეშმაკი რუსი აღმოჩნდა, რომელიც 4-იანსა და ხუთიანს შლიდა და მხოლოდ 41-ს აფერადებდა. რომ ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს დააჯერონ, მერე ვარდებიან ისეთ უბედურ მდგომარეობაში, რასაც ვუყურებთ მათ ტელევიზიებშიც“, – განაცხადა გორდულაძემ.