„ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში მოქმედებას, რასაც ვუწოდებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. თუმცა რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე არის ამ შემთხვევაშიც აუცილებელი“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინას, ამასთან დაკავშირებითაც გავრცელდა ჩვენი განცხადება. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვიკავებდით თავს კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან. უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და ეს იყო ამის მთავარი მიზეზი. ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში მოქმედებას, რასაც ვუწოდებთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს და იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. თუმცა რეაგირება გარკვეულ მოვლენებზე არის ამ შემთხვევაშიც აუცილებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ურყევი. ეს გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით, როგორიც არის იგივე, 600-ზე მეტი შესაბამისი გადაწყვეტილების აქტის მხარდაჭერა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც დღემდე, ფართო მასშტაბით ვუწევთ უკრაინელ ხალხს. ამ ფონზე ხდება ის, რომ თავის დროზე, 2022 წლის 1 მარტს, რამდენიმე დღეში უკრაინაში ომის დაწყებიდან, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი, რაც იყო უმძიმესი და აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად მიზეზი იყო დასახელებული ორი – ეს იყო სანქციების არ დაწესება [რუსეთისთვის] და მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა უკრაინაში. აღარ დავასახელებ ქვეყნებს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ არაერთ ქვეყანაში დღემდე არიან მოქმედი ელჩები, რომლებსაც ბევრად უფრო განსხვავებული, სრულიად განსხვავებული პოზიცია ეკავათ, ასეც ვიტყოდი უკრაინის ომთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში არ ხდებოდა ელჩების გაწვევა. მითუმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან, სრულიად გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ თავის დროზე. შარშან, 3 ივლისს უკრაინის ტერიტორია დაატოვებინეს ჩვენს ელჩს. ეს არის ის ელჩი, რომელსაც კიევი არ დაუტოვებია პირველივე დღეებიდან, როდესაც დაიწყო ომი. არაერთმა დიპლომატმა, მათ შორის ევროპული ქვეყნების, ამერიკის, დატოვეს კიევი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ასეთი ადამიანი როცა ტოვებს იძულების წესით უკრაინას ყალბი საბაბით, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნა. ეს იყო ოფიციალური საბაბი, რომელიც მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაასახელა. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს საბაბი იყო არამხოლოდ ყალბი, ღიმილისმომგვრელიც არის“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინის ელჩს როდესაც დაატოვებინეს ქვეყანა, განცხადებაც გაავრცელეს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს.
„ასევე განცხადება გავრცელდა, როდესაც დაატოვებინეს უკრაინა ჩვენს ელჩს იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით, ვციტირებ, კლავდა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მიზნად ისახავს ისტორიული მეგობრობისთვის ჩრდილის მიყენებას, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა კობახიძემ.