ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) აწარმოებს.
2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 6 ადგილით დაწინაურდა, 49-ე პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის და სამომავლო მშვიდობის ტრაექტორიის აღმწერ საკვანძო მიგნებებში საქართველო მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესებით პროგრესის გლობალურ მაგალითად არის წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც გამორჩეულად წინმიმავალი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც დასახელდა. კერძოდ, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა და ათწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა 2024 პოზიტიური მშვიდობის ინდექსთან ერთად ცალკე დოკუმენტად ბიზნესის და მშვიდობის 2024 წლის ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი. თვის მხრივ ESG სტანდარტი გულისხმობს ისეთი პოლიტიკის წარმოებას, რომელმაც უნდა
(E) გამოიწვიოს გარემოს მდგრადობა,
(S) ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობას, კეთილდღეობას და განვითარებას
(G) წაახალისოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ორგანიზაციული მმართველობა.
პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს მშვიდობიანობის პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული განმარტების თანახმად, პოზიტიური მშვიდობა განისაზღვრება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებებს. პოზიტიური მშვიდობის ინდექსი ზომავს ერის ან რეგიონის სოციალური მდგრადობის შესაბამის დონეს.
კვლევის საკვანძო მიგნებების თანხმად:
პოზიტიური მშვიდობა აღწერს ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის განვითარებისთვის. პოზიტიური მშვიდობის უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები:
- უფრო მდგრადია
- ასოცირდება ძლიერ და პროგრესირებად ეკონომიკებთან,
- აქვთ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონე,
- აქვთ სოციალური ერთობის უფრო ძლიერი მაჩვენებლები,
- უფიქსირდებათ ცხოვრების სტანდარტებით მეტი კმაყოფილება და სხვა.
პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
- კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
- ჯანსაღი ბიზნეს გარემო
- კორუფციის დაბალი დონე
- ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
- ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
- კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
- ინფორმაციის თავისუფლება
- რესურსების სამართლიანი განაწილება
პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/explorer/indices/ppi/positive-peace-index