თამთა მეგრელიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშზე: აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკო-ზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ „არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობისთვის ცესკო-ს თავმჯდომარემ და სხვა პირებმა პასუხი აგონ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ეკა გიგაურის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელია, გამოქვეყნებული ანგარიში იდიოტიზმით იწყება.
„კაპიტანმა გიგაურმა პარტია „საერთაშორისო გამჭვირვალობიდან“, რომელსაც 13 წელია უცვლელად შეფობს (როტაციის პრინციპით, რასაკვირველია), გამოაქვეყნა მორიგი ოპუსი „რა როლი ჰქონდა ცესკო-ს არჩევნების გაყალბების სქემაში“. აშკარაა, რომ ზურა გირჩის და ზოგადად ოპოზიციის მიერ გაცხადებულ ცესკო-ზე ზეწოლის ტაქტიკაში ეს ერთ-ერთი გეგმური ნაბიჯია. არ გაუმართლა ქალბატონ ეკას და „ანალიზი“ პირდაპირ იდიოტიზმით იწყება: 16 აგვისტოს ცესკო-მ მიიღო დადგენილება, რომ ფუნქციების გადანაწილება ნაცვლად კენჭისყრის დღისა, 7 დღით ადრე ჩატარდესო.
ეს ტრადიციული თემაა – თურმე ეს 7 დღე საჭიროა რომ „სუს-მა მოახდინოს ზეწოლა“ რეგისტრატორებზე და საუბნო კომისიის ხელმძღვანელებზე. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თავად ოპოზიციის და მდიდარი ენჯეოების მეორე ბრალდებას, რომ საუბნო კომისიებში სუს-ის რეკომენდებულ წევრებს ირჩევენ. კანონის თანახმად, კომისიის 8 წევრი ირჩევა არჩევნებამდე 30 დღით ადრე. მხოლოდ მათი რიცხვიდან შეიძლება იყვნენ კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და რეგისტრატორები. TI თან ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები წინასწარაა სუს-ის მიერ შერჩეული, თან ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ფუნქციები კენჭისყრის დღეს განაწილდება თუ 7 დღით ადრე, რადგან თურმე სუს-მა ზეწოლა უნდა მოახდინოს ამ 7 დღეში ამ ხალხზე, რომლებიც თვითონ ოპოზიციის ვერსიით სუს-მა გააგზავნა 1 თვით ადრე კომისიის წევრებად ასარჩევად. ისევ თენგოს ვერსიები ჯობდა, ამხანაგო კაპიტანო“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.