leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად

სერბეთში, ბელგრადში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP) გაიმართა. მასში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით მონაწილეობდა.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) და პოლონეთის (ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის) ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროინტეგრაციის მინისტრმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე და გამოწვევებზე, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენაზე და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში გახდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გასულ კვირას საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ქართველ ამომრჩეველთა 53%-ზე მეტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ისინი თავიანთ ევროპულ მომავალს მმართველ პარტიას ანდობენ. გასულ კვირას ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშიც გამოაქვეყნა.

საქართველომ გაფართოების 35 თავიდან პროგრესის სხვადასხვა დონე აჩვენა 25 მიმართულებით და მიუხედავად ბევრი ბრალდებისა და სპეკულაციებისა, საქართველო წინ უსწრებს ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების საკითხშიც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რაც მცდარ აღქმებს ქმნის საქართველოსთან მიმართებაში და უარყოფით გავლენას ახდენს ევროინტეგრაციის პროცესზეც.

„არ შეიძლება უგულებელვყოთ საქართველოსთან დაკავშირებული მასიური დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც ხშირად ჩრდილავს ყველა პოზიტიურ განვითარებას და ქმნის ძალიან მცდარ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ. საჭიროა, გავაცნობიეროთ, რამდენად საფრთხის შემცველია ამგვარი მიდგომა, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან და შეუქცევადი გახადოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ