„ვინც არღვევს საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს, უნდა შეწყვიტონ ამ სანქციების დარღვევა. გადმოგვცენ დამნაშავეები და მაშინ არც სათქმელი და არც პრეტენზია იქნება. პრობლემა ამ შემთხვევაში არის მათ მხარეს, ვინც ტოლერანტულია დამნაშავეებისა და კრიმინალების მიმართ”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის და კიევის ურთიერთობების ბოლო დროის ქრონოლოგია გაიხსენა და აღნიშნა, რომ პრობლემურ საკითხებზე საჯაროდ საუბარია საჭირო.
„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ მეგობრობისა და გვერდში დგომის საპასუხოდ, ჩვენ ვიღებთ ნაბიჯებს, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარი არის. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო 2022 წლის 1 მარტს. საბაბი იყო ის, რომ მებრძოლები არ გააგზავნა მთავრობამ უკრაინაში. გახსოვთ, მაშინდელი განცხადებები.
საქართველოს ელჩი უკრაინაში, განსხვავებით ბევრი სხვა დასავლელი ელჩისგან, ბოლომდე დარჩა კიევში, მაშინ როდესაც ის იბომბებოდა და იყო საფრთხე კიევში რუსული არმიის შესვლისა, ბოლომდე იდგა იქ და ქართული დროშა არცერთი წამით არ დაწეულა ჩვენი საელჩოს ფლაგშტოკიდან, განსხვავებით ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, რომლებმაც დაუშვეს დროშები და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში. ჩვენ იქ ვიყავით და უკრაინის პრეზიდენტმა ზუსტად ამ ელჩს, იმ საბაბით, რომ მიხეილ სააკაშვილს თურმე ვიღაც აწამებს, სთხოვა, რომ დაეტოვებინა უკრაინა.
ამის ფონზე, ვხედავთ ქართველი კრიმინალების დაწინაურებას უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში – ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე საკუთარი განცხადებით, ინარჩუნებს უკრაინის მრჩევლის პოზიციას რეფორმების საკითხში.
მგონია, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ქართველი ხალხის იმ გვერდში დგომას, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ამ პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სწორედ ამით დაიწყოს ამ ურთიერთობის გამოსწორება – გადმოგვცეს კრიმინალები. ყველა ხედავს, რა დააწიეს ამ კრიმინალებმა საქართველოს. უკრაინისთვისვე ცუდია, როცა ასეთი კრიმინალები არიან ჩართულები მართლმსაჯულების რეფორმაში და სხვადასხვა სისტემის რეფორმაში.
აბა რა ვქნათ, გავჩუმდეთ? ეს არის გამოსავალი? როდესაც ვხედავთ, რომ კრიმინალები თავისუფლად გადაადგილდებიან? ეს არის სწორედ პრობლემა, რომ ოპოზიციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უნდა, რომ გაგვაჩუმოს ჩვენც. ეს არის პრობლემა, როცა ოპოზიციასა და მედიაში უცხოურ დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, მათ შორის ოპოზიციის გავლით თუ პირდაპირ. ეს არის პირდაპირი მცდელობა გააჩუმონ ქართველი ხალხი, როდესაც საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან, კერძოდ, ქართველი კრიმინალების თავისუფლად გადაადგილებასთან ევროპაში. ამიტომ, გამოსავალი არის არა გაჩუმება, არა ჩაჩუმება, არა ცენზურა, არამედ ამაზე ღია საუბარია საჭირო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.