მაკა ბოჭორიშვილი: ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს და ზურაბ ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას საქართველოში.
„ადამიანები, რომლებიც იყვნენ შემოქმედი იმ რეჟიმის, რა რეჟიმიც იყო საქართველოში, რომელიც ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებს და იყო მიმართული ჩაგვრისკენ, ასეთი რეჟიმის შემოქმედები როდესაც დღეს დემოკრატიის საფარქვეშ მართავენ შეხვედრებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. გარდა ამისა, საქმე ეხება ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას და შემდეგ უკვე საქართველოში ევროპულ თუ ანტიევროპულ განწყობებს.
დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ჩვენთვის ეს არის ძვირფასი, სწორედ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ გამოხატა შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა.