8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება.
კვირეულის ფარგლებში, 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენა იმართება.
ერთი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო ფონდს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა და ილია ჭავჭავაძის პირად არქივს გაეცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატები საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, შესაბამისად, მოსწავლეებისთვის მათი გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის ჩანაწერებისა და პირადი მიმოწერების გამოფენა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ ახლებურად გაიაზრონ მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება.
მინისტრსა და მოსწავლეებს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ უმასპინძლა.
საგამოფენო სივრცეში ჯამში წარმოდგენილია 1050-ზე მეტი დოკუმენტი და გამოფენილი საარქივო მასალის შესახებ მნახველებისთვის ტარდება 30-40 წუთიანი ექსკურსიებიც.
ექსპოზიციაზე პირველ საგამოფენო ბლოკად გამოყოფილია ბიოგრაფიული მასალა და პირადი ნივთები, მათ შორის, საზღვარგარეთის პასპორტი, ორგანიზაციების წევრობის ამსახველი დოკუმენტაცია, სადარბაზო ბარათები და ტყავის საფულე.
მეორე ბლოკად ერთიანდება – ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და ხაზგასმულია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი მუშაობის თავისებურებები. კერძოდ, დამთვალიერებლებს აქვთ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია თუ რამდენჯერ გადაწერა ილია ჭავჭავაძემ კონკრეტული ლექსი, რას ცვლიდა ,როგორ ამუშავებდა, როგორი იყო სათაურების პირველი ვარიანტები და როგორ იქმნებოდა საბოლოო ვერსია.
ცალკე, მესამე ბლოკად გამოყოფილია ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკები და პირადი ჩანაწერები, ხოლო მეოთხე ბლოკში შეტანილია მისი პირადი მიმოწერები.
აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა ტარდება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 8-14 ნოემბერს თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სკოლის მოსწავლეებს.
მუზეუმების გაერთიანება 9 დამოუკიდებელ მუზეუმს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს აერთიანებს.
მუზეუმებში მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის თემატური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად, ვიზიტორებს პრაქტიკულ გაკვეთილებსაც სთავაზობს.