გურამ მაჭარაშვილი: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ჭინთვების პროცესშია, ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დააგვიანებს, მაგრამ ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო
“პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ჭინთვების პროცესშია. ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დააგვიანებს, მაგრამ ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს. მათი გეგმა იყო ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება, რაც არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ.
„თხოვნა მაქვს მედიასთან, ოპოზიცია აღარ აწვალოთ და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ, ხომ ხედავთ, გეგმა არ აქვთ და რატომ აწვალებთ? ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს, როცა საკითხი არ იცის და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, რა გეგმა გაქვსო, გეგმა არა აქვთ, ამიტომ ამბობენ, ხაზარაძეა ჩვენი გეგმაო. ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი გეგმა იყო ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება, რაც არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა პარლამენტში, მაგრამ არც მათი შესვლა და არც შეუსვლელობა ქვეყნის განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„გინდა შემოვიდნენ, გინდა ნუ შემოვლენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შემოუსვლელობას მხოლოდ ერთი პოზიტივი ექნება, ქართულ საზოგადოებასთან ერთად ძალიან წყნარად და მშვიდად გავაგრძელებთ სახელმწიფოს განვითარებას, რა პერსპექტივა საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარეს. ოპოზიცია ქუჩაში ხალმა დატოვა, მათ თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ – „კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ – „აღარ სცადოთ“. რა თქმა უნდა, ქუჩაში დარჩებიან. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ჭინთვების პროცესშია, ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დააგვიანებს, მაგრამ ეს უფრო მალე იქნება, ვიდრე 2020 წლის არჩევნების შემდეგ იყო, რადგან პრობლემები უფრო სწრაფად ვითარდება. ვნახეთ, რომ მსოფლიოში ყველგან ტრადიციამ, რწმენამ და ოჯახურმა ღირებულებებმა გაიმარჯვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.