ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერ საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და არ ივიწყებდა ქართულს, ამ ევროპულ სიახლეებს უძღვნიდა ქართულის გამდიდრებას, ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ მისი მოღვაწეობიდან
„ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების, ეროვნული იდენტობის დაცვას, მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტი, ის იყო შერაცხული ერის მამად.
„განსაკუთრებულად მივესალმები ყვარლელ მოსწავლეებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას და რომელთათვისაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა უნდა იყოს შთაგონების მთავარი წყარო ცხოვრებაში. მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად, ვარ ყვარელში და აღვნიშნავ ილია ჭავჭავაძის, უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის 187-ე დაბადების დღეს. ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტიც, ის იყო შერაცხული ერის მამად. ეს უდიდესი სტატუსი დაიმსახურა იმ განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო, რომელიც გასდევდა მის ცხოვრებას.
ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების დაცვას, ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ეძღვნებოდა სწორედ ამ სამი საყრდენის, ჩვენი თვითმყოფადობის სამი მთავარი საყრდენის დაცვას. მისი მოღვაწეობა უნდა იყოს მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.
XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში, მათ ეთაკილებოდათ ყველაფერი ქართული. ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს, უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა. ამისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ ამ ადამიანებისამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.