ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა
“ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
მან ამერიკელ ხალხს, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიურად იმუშავებს, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დაუბრუნდეს ადრე არსებულ ნიშნულს.
“გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი და ჩვენი მხრიდან, როგორც ყოველთვის, ჩვენ ყველა დონეზე ვსაუბრობთ ჩვენს ღიაობაზე, მაქსიმალურ მზაობაზე იმისთვის, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ის ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო არც ჩვენი ქვეყნისთვის, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის.
ამდენად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა, რომ ვიმუშაოთ ახალ ადმინისტრაციასთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ყველა იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.