leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში, ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტის თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია.  მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.

სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროცესში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა აუცილებელია.

„ხელოვნურმა ინტელექტმა და მისმა ტექნოლოგიებმა ცხოვრება შეცვალა – ბიზნეს ოპერაციებიდან დაწყებული, ჯანდაცვის, განათლებისა და კომუნიკაციის სფეროებამდე. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროგრესს თან ახლავს გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი გავლენები ქალებზე განიხილება.

საქართველოში, უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა. ამ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით, ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სფეროში დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, განსაკუთრებით ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო სამიტში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ასევე იხილეთ