გიორგი გამსახურდია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია, ვთხოვდი, ნაკლებად ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში
“ძალიან ცუდია, როდესაც საელჩო შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა. მინდა კორექტული ვიყო და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფრაზით შემოვიფარგლო”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გიორგი გამსახურდიამ გერმანიის საელჩოს განცხადებაზე.
“ძალიან ცუდია ასევე, რომ რამდენიმე ადამიანი საუბრობს გერმანელი ხალხის პირით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ იქაც პოლიტიკური ცვლილებებია, გერმანიაში მოსალოდნელი და არსებული მთავრობით ვერ ვიმსჯელებთ გერმანელ ხალხზე, რომლებიც ჩვენი უახლესი მეგობრები არიან და დიდი ისტორიული, პოლიტიკური კავშირი გვაქვს ამ ქვეყანასთან.
რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია. ვთხოვდი, ნაკლებად ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვინაიდან, თუნდაც თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი დიპლომატიური მისია გერმანიაში რომ ერეოდეს იქაურ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ხომ წარმოგიდგენიათ შედეგი რა იქნება და მოდით, ნაცვალგების პრინციპით ვიყოთ ამ შემთხვევაში”, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს.