ირაკლი კირცხალია: მინდა მეგობრებს, პარტნიორებს ძალიან კორექტულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს
“მინდა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად, ძალიან მეგობრულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“, კარგად იციან და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას.
„რაც შეეხება ულტიმატუმის პათოსს, როგორც არის დაყენებული ეს ორი პირობა, მინდა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად, ძალიან მეგობრულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“, კარგად იციან და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს და ქართული საზოგადოება უცხადებს 2012 წლიდან. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი. დაგვიჭირა მხარი ერთი ყველაზე მთავარი პრინციპის გამო, იმ პრინციპის, რასაც ჰქვია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა და რასაც ჰქვია ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ღირსების დაცვა და მშვიდობა.
დამერწმუნეთ, ამ პოლიტიკას, რასაც ვაწარმოებთ, ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ეს ორი კანონიც, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამ საზოგადოებამ, ამ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ეს ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად აცნობიერებს და ძალიან კარგად ხედავს. მოდით ახლა გავყოთ ეს ორი კანონი. დავიწყებ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით. ბევრჯერ ვუთხარით, წინასაარჩევნოთაც ვეკითხებოდით, ვეუბნებოდით და მოვუწოდებდით, რომ არ იცოდნენ რა იყო საზოგადოების რეალური დაკვეთა. ყოველთვის ვეუბნებოდით, მათ შორის ამ ეთერიდანაც მაქვს ნათქვამი, რომ ვერ აუხსნი ქართველს როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს ქვეყნის და განსაკუთრებით საქართველოს ევროპული გზა. ეს არ არის ევროპული ღირებულებები ხომ? დამერწმუნეთ, დროებით ბიუროკრატიებს ევროკავშირში, ჩვენ, ჩვენი ქვეყნის კურსს, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ განვითარებას, ჩვენს იდენტობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ.
ეჭვი მაქვს, ზოგად სულისკვეთებაზეა საუბარი, იმიტომ, რომ კანონის ინიციირების დღიდან ჯერ გახსოვთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი და ბოიკოტსაც თავისი სახელი დავარქვით. ეს იყო შენიღბული ბოიკოტი იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ ეტყოდნენ, ეს არის კარგი და ამაზე გადის ქვეყნის ევროპული გზა. ნელ-ნელა დაიწყეს უკვე შემდეგ ნიღბების ჩამოხსნა, გარე განცხადებები. განსაკუთრებით გერმანიიდან მახსოვს ეს განცხადებები, რომ თურმე ეს ადამიანს რაღაც უფლებებს ზღუდავდა და ადამიანის უფლებებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.
ჩვენ, დაინიცირების დღიდან ვსაუბრობდით, რომ გვითხარით სად, რომელ მუხლში იზღუდება ვინმეს უფლება. აქ საუბარია პროპაგანდაზე. სამი შვილი მყავს, ქართველ დედებზეა საუბარი, ქართველ მამებზე. არ გვინდა საქართველოში ბაღის მოსწავლეებს ეუბნებოდნენ, რომ არსებობს რაღაც ასობით სქესი, პირობითად. კაცს ჰქვია კაცი, ქალს ჰქვია ქალი, დედას დედა და მამას მამა. არ გვინდა, რომ ვიღაც მივიდეს იუსტიციის სახლში, როგორც ხდება რიგ ევროპულ ქვეყნებში და გადაიკეთოს თავი ქალად, ან გადაიკეთოს თავი რაღაც ცხოველად. უკვე კომედიურ ჯანრში გადავდივართ. ვაანონსებდით თავიდანვე, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.