„კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „პროისენ მიუნსტერს“ უმასპინძლა და დამატებულ წუთზე გაშვებული გოლით გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 1:1.
მე-12 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, გოლიც გაიტანა და მაღალი შეფასება მიიღო – 7.1 ქულა.
ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. „კარლსრუეს“ კაპიტანმა, მარვინ ვანიცეკმა ზივზივაძეს შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა, ქართველმა თავდამსხმელმა კი მახვილი კუთხიდან „პროისენ მიუნსტერს“ გაუტანა. სტუმრებმა საპასუხო გოლი 90+2-ე წუთზე გაიტანეს.
12 ტურის შემდეგ „კარლსრუეს“ 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ბუდუ ზივზივაძეს კი მიმდინარე სეზონში რვა გოლი დაუგროვდა, მას ორი საგოლე გადაცემაც აქვს.