leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ურჩია სამაშველო ჯგუფს, ფლორიდაში ქარიშხლის შემდეგ ტრამპის მხარდამჭერ ოჯახებს არ დახმარებოდნენ

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს თანამშრომელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან ურჩია კატასტროფების სამაშველო ჯგუფს, არ დახმარებოდნენ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ოჯახებს ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონის“ შემდეგ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ახლა სააგენტო იძიებს, რამდენ სახლს გასცდა გამოკითხვის ჯგუფი 27 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის ფარგლებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორმა, დინ კრისველმა თანამშრომლის ქმედებები გააკრიტიკა და თქვა, რომ მას შეუწყვიტეს უფლებამოსილება.

„სააგენტოს 22 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად იცავს ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებს და ეხმარებიან ადამიანებს კატასტროფების წინ,  კატასტროფების დროს და შემდეგ. ეს არის სააგენტოს ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების აშკარა დარღვევა, რომ დაეხმარონ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა”,- განაცხადა დინ კრისველმა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა მიიწვია კრისველი, რათა ჩვენება მისცეს 19 ნოემბერს მოსმენაზე, სადაც განიხილავენ ამ ინციდენტს და სააგენტოს ბოლოდროინდელ რეაგირებას სტიქიურ უბედურებებზე, მათ შორის ქარიშხლების „ჰელენის“ და „მილტონის“ დროს.

„ფედერალურ ბიუროკრატიაში პარტიული აქტივისტების მიერ ხელისუფლების აშკარა იარაღად გამოყენება კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ბოლო დღეებს ითვლის“, – განაცხადა ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა.

ასევე იხილეთ