leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ში წაგებულმა მხარემ აღიარა წაგება და მიულოცა გამარჯვებულს, მაგრამ აქ გამოზრდილი პოლიტიკური და „ენჯეო“ კლასი ჩარჩა იქ, რაც მათ ხვალინდელი დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის

„თუ ისინი შეხედავენ საკითხს სამართლიანობის პრინციპით, ანუ არგუმენტირებულობის პრინციპით, მაშინ გამოძიებაც არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიებით ევროკავშირის დაინტერესებაზე საუბრისას.

„გამოძიების ერთადერთი მექანიზმი არსებობს ის, რაც სახელმწიფოს გააჩნია, სხვა მექანიზმი არც ევროკავშირს გააჩნია, არც გაეროს, არც საერთაშორისო კანონმდებლობა არსებობს. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელი და დასკვნის დამდები არის ეუთო/ოდირი. ეს საერთაშორისო მექანიზმი გრძელვადიანად და არჩევნების დღესაც იყო გამოყენებული საქართველოში. როგორც გრძელვადიანი დაკვირვების შუალედური დასკვნა იყო პოზიტიური, ასევე არჩევნების დღის დასკვნა იყო იყო პოზიტიური”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებას კი მან ოპოზიციის ტრაგედია უწოდა.

„არსებობს ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მყარ ამომრჩეველს ვეძახით ხოლმე, საკუთარი ჩამოყალიბებული ხედვა რომ აქვთ და მათზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკური იდეოლოგიის თუ ორიენტაციის შეცვლის კუთხით წარმოუდგენელია. ამ ამომრჩეველში არის გარკვეული ნაწილი, რომელმაც „ლელოს“ თუ გახარიას მისცა ხმა, რომელთაც ეგონათ, რომ რაღაც სიახლეს აძლევდნენ ხმას. დაინახეს, რომ ესენი ყველაზე დესტრუქციულად შემოუბრუნდნენ ამომრჩეველს. ახლა თუ ვინმე არის წაგებაში, არის „ლელო“ და გახარია. თუ ვინმე არის მოგებაში, არის მიხეილ სააკაშვილის ის ორთოდოქსი ამომრჩეველი, რომელიც მუდამ იმ აზრზე დარჩება.

ჩვენმა არჩევნებმა აჩვენა არა მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულება, არამედ ზოგადად რაღაც პროცესები, რაც ვითარდება გლობალურად დაკავშირებულ სამყაროში. თუ შევხედავთ ფასეულობების კუთხით, აღმოჩნდება რომ ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი და ქართველი ამომრჩევლის არჩევანი არის ფაქტობრივად იდენტური. განსხვავება არის იმ პოლიტიკურ კულტურაში, რომელიც აშშ-ში არსებობს – წაგებულმა მხარემ აღიარა წაგება და მიულოცა გამარჯვებულს, მაგრამ აქ გამოზრდილი პოლიტიკური და „ენჯეო“ კლასი ჩარჩა იქ, რაც მათ ხვალინდელი დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს ხდის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ