leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია, მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს

„საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ამას ჩვენ ვხედავთ. ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარი არის მათი სურვილი, ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მათ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა. რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ამ დროს კი ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მილიონ ას ოცი ათასმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას,  კეთილდღეობას და განვითარებას“, – ამის  შესახებ კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც  მას  ჰკითხეს,  დასავლეთისგან გაჟღერებული მწვავე კრიტიკა ხომ  არ წარმოადგენს ერთგვარი შანტაჟის ენას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

დედაქალაქის მერმა მედიასთან, ასევე, ისაუბრა  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული  გამჭვირვალობისა და ლგნტ პროპაგანდის წინააღმდეგ  კანონების მნიშვნელობაზე   და განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონები ქვეყანაში რევოლუციის პრევენციისა და  საზოგადოების  სრულად ინფორმირების   ინტერესებს  ემსახურება.

„გამჭვირვალობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. თავიდან,  როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ კანონზე მუშაობა, მას თავისი წინაპირობები ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავდით, გარედან დაფინანსებით როგორ ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალურად უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლებსაც არასამთავრობოები იღებენ, ვისგან და რატომ იღებენ დაფინანსებას, რა პროექტებში იხარჯება ეს ფული. თუკი არ იქნება იგივე რევოლუციის დაფინანსება, არ იქნება მტრული განწყობები, მტრული რიტორიკა, არ იქნება მცდელობა საზოგადოების გახლეჩვის, აღნიშნული კანონიც აზრს კარგავს ზოგადად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა  წახალისებული  ვერცერთ შემთხვევაში  ვერ იქნება.

„რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ქვეყანაში ადამიანის  უფლებები არის დაცული, განურჩევლად ვინ როგორია,  არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ვინ რა ორიენტაციის ან სარწმუნეობის მიმდევარია, ყველას უფლებები არის დაცული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას, რაღაც ტერმინი აქვთ – უმცირესობა. არანაირი უმცირესობა არ არსებობს, ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ქერაა, ზოგი შავგვრემანია, ზოგს სხვა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, არავის აქვს უფლება, განსაჯოს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა და პროპაგანდა, კატეგორიულად მიუღებელია, ბავშვებში ამ ყველაფრის პროპაგანდაა მიუღებელი. შესაბამისად, ეს კანონი არის მნიშვნელოვანი და ზოგადად,  თქვენ, რომ დააკვირდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მალე ბევრი რაღაც შეიცვლება, თუნდაც ამ მიმართულებით, რადგან ძალიან მძიმეა ის განწყობები, რასაც ვხედავთ ჩვენ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებში, ან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, ამ მიმართულებითაც საინტერესო პროცესები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ